Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ალასანია ცვლილებებისადმი ხელისუფლების მზადყოფნას 'ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არსებობს მზადყოფნის ნიშანი, რომ 'რეალური ცვლილებები“ განხორციელდეს.

'ფრთხილი ოპტიმიზმით აღვნიშნავ, რომ ხელისუფლების მხრიდანაც არის შესამჩნევი ის განწყობა, რომ მზად არიან, რეალური და არსებითი ცვლილებები განხორციელდეს. ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად [საარჩევნო რეფორმაზე] მოლაპარაკების პროცესზე და სააკაშვილის პოლიტიკურ ნებაზე. მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად არის ის განწყობა, რომ ცვლილებების დრო დადგა,“ – განაცხადა ალასანიამ გაზეთ 'რეზონანსთან“ ინტერვიუში, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა.

მისი თქმით, გასულ კვირას იგი შეხვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, რათა საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განეხილა. მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს აღნიშნული შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს იმ შვიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომელთაც ალასანიას პარტიასთან ერთად მოამზადეს საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთობლივი წინადადებები.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მოსალოდნელია საპროტესტო აქციების მოწყობა კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სოციალური პრობლემების, ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და სასამართლო სისტემის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა; ეს არასწორი იქნება,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამგვარი სცენარი მხოლოდ 'სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს.“

ალასანიამ განაცხადა, რომ 'აქციების იგივე ფორმა, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, განხორციელდება კიდეც, თუკი პოლიტიკური ნება, რომელიც ხელისუფლებაში გარკვეული თვალსაზრისით გამოჩნდა, სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაიბლოკება“.

სივილ ჯორჯია

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels