Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბლოკ 'ქართული ოცნების' საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით ცესკო-მ განცხადება გაავრცელა

იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში . წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე, - ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ავრცელებს. 
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად ცესკო-ში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებს ასახელებენ, რომელთა მიხედვითაც, 'თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ', ხოლო 'ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით'.
'აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებული საკანონმდებლო ნორმა 2007 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული საკითხი არ გამხდარა საარჩევნო დავის საგანი 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში და არ ყოფილა საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი 2009 და 2010-2011 წლებში, როდესაც ახალი საარჩევნო კოდექსის მუშავდებოდა', - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება გუშინ, 18:00 სთ-ზე დასრულდა. 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ორი საარჩევნო ბლოკი; ესენი არიან: 'გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება' (ბლოკში ერთიანდებიან პარტიები - 'ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა' და 'საქართველოს ევროპელი დემოკრატები') და 'ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება' (ბლოკში ერთიანდებიან - პ/გ 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო', 'საქართველოს კონსერვატიული პარტია', პ/მ 'მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს', საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ 'ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები' და პ/გ 'ეროვნული ფორუმი'). 
ცესკო-ს მონაცემებით, გრძელდება პარტიების რეგისტრაციის პროცესი. განაცხადები რეგისტრაციაზე სულ - 41-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიტანა. დღეისათვის ცესკოში უკვე 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, 8-ს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. 
დღეს 'ქართული ოცნების' ლიდერებმა,  ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა განაცხადეს,  რომ ცესკო-მ ბლოკს ნომერ 7-ის მინიჭებაზე უარი უთხრა.  ამასთან, ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილსაც შეხვდნენ და გადასცეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო ბლოკი 'ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება' საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოიყენებს 'კონსერვატიული პარტიის' საარჩევნო ნომერ 7-ს. 
'ხარატიშვილისგან ვითხოვთ იგივე პასუხს, რომელიც თავის დროზე გასცა 'კონსერვატიულ პარტიას' ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც ბლოკში ახალ სუბიექტად  იყო ნოღაიდელის პარტია და მაინც მიიღო 7 ნომერი', - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე  თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგივე მოხდა ქდმ-სა და 'ალიანსი საქართველოსთვის' მიმართაც, რომელთაც  საარჩევნო ნომრებად მიიღეს 10 და 2. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels