Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მოხსენება დაამტკიცა

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მე-17 სესიის მსვლელობისას უნივერსალური პერიოდული განხილვის ფარგლებში საქართველოს ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში საქართველომ მიმდინარე წლის 28 იანვარს წარადგინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა, ერთი საათის განმავლობაში, ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში აცნობდა საერთაშორისო თანამეგობრობას უნივერსალური პერიოდიული განხილვის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას.
უნივერსალური პერიოდული განხილვის ფარგლებში, საქართველომ სულ მიიღო 163 რეკომენდაცია. აქედან საქართველო ადგილზევე დაეთანხმა 96 რეკომენდაციას, ხოლო 5 უარყო. მიმდინარე წლის 8 ივნისს, საქართველოს დელეგაციამ დამატებით აცნობა საერთაშოისო საზოგადოებას, რომ დარჩენილი რეკომენდაციებიდან საქართველომ მიიღო 43 რეკომენდაცია, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს.
საქართველომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით მას გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, თუმცა ვინაიდან ეს ტერიტორიები რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, საქართველო მოკლებულია ამის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის მსვლელობისას საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებულ იქნა საქართველოს პოლიტიკა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საკითხის პოლიტიზირებას შეეცადა და რომლის კომენტარებიც განსაკუთრებული არაადექვატურობით გამოირჩეოდა, რუსეთის ფედერაცია იყო.
'საქართველო, უნივერსალურ პერიოდულ განხილვას, მიიჩნევს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან უნივერსალურ ფორუმს და მომავალში განაგრძობს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველომ ნებაყოფლობით აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგინოს უნივერსალურ პერიოდულ განხილვისას მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში', _ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels