Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა

 ,,25 მაისს ვაჩვენებთ ვანოს, რაც იქნება''!  ორი დარბევა თბილისში და ორიც ბათუმში საკმარისი აღმოჩნდა, სახალხო კრებისა და ქართული პარტიის გასაერთიანებლად. 22 მაისის დილიდან არეული ქართული პარტიის ლიდერები, როგორც იქნა, ჩამოყალიბდნენ და კრებას ჯერ ნაწილობრივი, მერე კი სრული შემადგენლობით შეუერთდნენ. ყველაზე ეფექტური მაინც ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის შერიგება და ისტორიული ამბორი იყო, რასაც კვლავ გაჩეჩილაძის თვალთაგან ჩამოგორებული სიხარულის კურცხალი მოჰყვა. ცრემლმა გაჭრა, ხალხი აღფრთოვანდა და 2 საათზე ჩანიშნულ საინფორმაციო მიტინგს გულაჩუყებული დაელოდა. მალე ყურძნისმტევნებიანი 10-მდე დროშაც გამოჩნდა და, მქუხარე ტაშის ფონზე, აქციას ,,ქართული პარტიის'' აქტივი შეემატა. გარდა ამისა, სცენაზე თავი იმ ლიდერებმაც მოიყარეს, რომლებიც კრებას სულ რამდენიმე დღის წინ აკრიტიკებდნენ: სახალხო კრებასთან ,,დაპირისპირებული'' სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა სოსო მანჯავიძითა და შოთა გლურჯიძით, კრების მთავარ საბჭოში საკუთარი ნებითY უფლებაშეჩერებული ეკა ბესელია, ახლა უკვე ,,თავისუფალი საქართველოს'' ლიდერი კახა კუკავა და თანამოაზრე, თუ კურსის გულშემატკივარი, ვალერი კვარაცხელია. კრების პიარსამსახურის უფროსად კი ბაკურ ბაკურაძე მოგვევლინა. ერთი სიტყვით, ქართულ პარტიას გული აუჩუყდა, სადაც თქვენ დაგარბევენ, იქაც ჩვენო. ანდაც, ყველაფერი სახალხო კრების გეგმით მიდის. დაახლოებით, 15 საათისთვის ყველა დაბრუნებულ- შემოერთებული ლიდერი თავს სცენაზე იყრის და 2000-მდე მომიტინგეს მიმართავს. მიკროფონთან მეტად აღშფოთებული რეზო ესაძე მიდის და ჯანსუღ ჩარკვიანსა და დავით მაღრაძეს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს. აქვე ისმის ,,ნერვების ომის'' ახალი ინტერპრეტაცია, მსგავსი ფრაზით _ ,,ნებისყოფების ომი დაიწყო, ხალხო''. ყურადღების ცენტრში ახლა ეროსი კიწმარიშვილი ექცევა, რომელიც სიხარულით გვამცნობს, რომ პროცესის პიკი 25 მაისს, 12 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გველის. სწორედ 25 მაისს ვიხილავთ ირაკლი ოქრუაშვილსაც, რომელსაც, როგორც შსს იუწყება, მიწაზე ფეხის დადგმას არავინ დააცლის და ჰაერში დაი- ჭერენ. ერთწუთიანი გამოსვლა კიწმარიშვილმა მორცხვი ღიმილითა და თამამი ტექსტით დაასრულა: ,,მიტინგებზე სიტყვით გამოსვლა არ გამომდის, ამიტომ ლაბორატორიაში წავალ და შხამს მოვამზადებ ცუდი ვიღაცეებისთვის''-ო და სცენიდან სწრაფად ჩამოვიდა. საერთო მიმართვის შემდეგ კი, ვიდრე პერიმეტრს საოცარი სისწრაფით დატოვებდა, ეროსი კიწმარიშვილთან ცოტა წავიმუსაიფეთ კიდეც: _ ქართულ პარტიაში კრებასთან შეერთებაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ? _ დღეს დილით, სოზარ სუბარმა პარტიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ჩვენ, ქართული პარტია და მისი ყველა ლიდერი, ყველასთან ერთად ვაპირებთ, 25 მაისს, 12 საათზე, სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებას. შეკრების ადგილია ავლაბრის მოედანი. გარდა ამისა, ჩვენი პარტია იდგება კრების გვერდით და ჩვენი წევრები მუდმივ მონაწილეობას მიიღებენ იმ აქციაში, რომელიც 21 მაისს დაიწყო. 25 მაისს კი ქართველ ხალხთან და ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ვინც მზადაა, დაწყებული პროცესი ბოლომდე მიიყვანოს, სააკაშვილის რეჟიმს დავამთავრებთ! და აქვე ერთი დეტალიც _ 25 მაისს ჩვენთან, თქვენთან და ხალხთან ერთად, იდგება ყველასთვის საინტერესო ირაკლი ოქრუაშვილი. _ და ის თუ გადაწყვიტა, ბოლო-ბოლო, ქვეყანაში საიდან შემოდის, ცხინვალიდან თუ ბათუმიდან? _ ვანოს უთხარით ეგ, ვანო გეტყვით მაგას! _ ვანომ რა იცის, თქვენ უთხარით? _ ვანო 25 მაისს გაქცევას დააპირებს! მერაბიშვილმა ყველაფრი ძალიან ცუდად იცის. ხომ არ გგონიათ, რომ ეგ კაცია? კაცუნაა ეგ! კაცუნა, რომელმაც გუშინ გამოაცხადა, რომ საქარათველოში რევოლუცია არ იქნება. 25 მაისს ვაჩვენებთ ვანოს, რაც იქნება. _ გუშინ რატომ არ გამოხვედით აქციაზე? _ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცოდა. დიდი მადლობა, ჯიგრები ხართ! კომპლიმენტი შევიფერეთ და ახლა პარტიის სხვა სახეებთან ვცადეთ გასაუბრება, თუმცა გაჩეჩილაძემ გამოგვიცხადა, დაღლილი ვარ, მერე იყოსო, დანარჩენები კი მედიას თავგამოდებით გაურბოდნენ. სამართლიანობისთვის, არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ კიწმარიშვილის გამოჩენამ მომიტინგეების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და რამდენიმე მსგავსი შინაარსის შეძახილიც გაისმა _ მიშა როგორც მოიყვანე, ახლა ისე წაიყვანეო. წასვლით კი დღის 3 საათისთვის მხოლოდ ოპოზიციის ლიდერები წავიდნენ ნახევარსაათიან ტაიმაუტზე, რათა გადაეწყვიტათ, მოსათათბირებლად სად შეკრებილიყვნენ. თათბირის შემდეგ ლიდერები კვლავ სცენაზე დაბრუნდნენ და განაცხადეს, 1 საა- თში გაგაგებინებთ ჩვენს ერთობლივ გეგმებსო და ტერიტორია რამდენიმე ,,ჯიპით'' დატოვეს. სიტყვა შესრულდა _ ზუსტად 1 საათში ბურჯანაძე და კრების სხვა სახეები, ამჯერად ქართული პარტიის თანხლების გარეშე კვლავ სცენაზე ავიდნენ და აი, რა გაგვაგებინეს: ,,ჩვენს შორის შედგა კონსულტაცია და მოლაპარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ არ ვიშლებით. ჩვენ, ლიდერები, არსად მივდივართ არ მიგატოვებთ და ყველანი აქ, თქვენს გვერდით ვიდგებით. ეს კერა, რომელიც ასე უშლის ნერვებს ხელისუფლებას, შენარჩუნებული იქნება''. ნონა გაფრინდაშვილის ამ განცხადებას დამატებითი განმარტებაც მოჰყვა _ აქციას 24-საათიან რეჟიმში ტელეკომპანია ,,მაესტრო'' პირდაპირი ეთერით გააშუქებსო. მიტინგის მიმდინარეობას შიდა ქართლის ტელემაუწყებლობა ,,თრიალეთიც'' საგანგებო რეჟიმში გააშუქებს. მომიტინგეები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და აქციებიც გრძელდება.  

ვერსია

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels