Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების დაგეგმვას შემთხვევითობად არ მიიჩნევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების დაგეგმვას შემთხვევითობად არ მიიჩნევს. 
როგორც ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა 'Зеркало недели'-სთან ინტერვიუში განაცხადა, 2008 წელს, საქართველოში შემოჭრამდე მოსკოვმა სამხედრო სწავლება 'კავკასია 2008' ჩაატარა. 
'წელსაც, ჩვენს საზღვრებთან ახლოს რუსეთი მასშტაბური წვრთნის, 'კავკასია 2012'-ის ჩატარებას აპირებს. რა თქმა უნდა, ის 'სრულიად შემთხვევით' ემთხვევა ჩვენს არჩევნებს. რუსეთს საქართველო სჭირდება. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ 'შპს კრემლს' სურს, გადაკეტოს ალტერნატიული გზა, რომლის მეშვეობითაც ევროპას ენერგომატარებლები მიეწოდება. გარდა ამისა, თუ რუსეთი საქართველოზე სამხედრო-პოლიტიკურ დიქტატს მოიპოვებს, სამხრეთ კავკასიის დანარჩენ სახელმწიფოებზე ზრუნვა საჭირო აღარ არის. რეგიონის ქვეყნების უმეტესობა გარდაიქმნება სახელმწიფოებად, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ ექნებათ. ვფიქრობ ასევე, რომ კრემლს მობეზრდა მუდმივი მითითებები ქართულ რეფორმებზე. ეს მას აღიზიანებს. უწევთ, ყველას დაუმტკიცონ, რომ რუსეთში დემოკრატია შეიძლება იყოს სუვერენული, ეროვნული სპეციფიკის მქონე, ევრაზიული, როგორიც გინდა, ოღონდ არა თანამედროვე', - განაცხადა ვაშაძემ. 
მისივე თქმით, საქართველოში არ არის იდეალური დემოკრატია, თუმცა იმისთვის, რომ ის ასეთი გახდეს, მუშაობა დღე და ღამ მიმდინარეობს. 
'რუსეთს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსიც აღიზიანებს. მათი აზრით, საქართველოს ან უკრაინას არ აქვთ უფლება მიისწრაფოდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობისკენ. ალიანსი კი საერთოდ ისეთია მათთვის, როგორც წითელი ქსოვილი ხარისთვის. დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობის შემთხვევაში რუსეთი ახალ აგრესიას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის სხვა ორი ქვეყნის წინააღმდეგაც განახორციელებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კრემლი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია. ამოცანა, რომელიც რუსეთის უწყებებს დაევალათ. სამხედრო აგრესიის მიზეზი კი ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს - რეგიონში გართულებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, მთიანი ყარაბაღი, ირანი', - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 
ჟურნალისტის შეკითხვას, რა როლს თამაშობს პირადი ფაქტორი იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინი მიხეილ სააკაშვილით მოხიბლული არ არის, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს, რომ პირადი ფაქტორი არაფერ შუაშია. 
'რუსეთის პრეზიდენტი პრაგმატიკოსია. პირად ფაქტორზე საუბარი ზედმეტია, რადგან პოლიტიკოსს, რომელიც ემოციების კარნახით მოქმედებს, სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს. რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგი არ არის. ყველა 2008 წლის ომს იხსენებს და ავიწყდებათ, რომ 1991 წლიდან მოყოლებული ასეთი ხუთი ომი იყო, გაცილებით სისხლისმღვრელებიც. მხოლოდ აფხაზეთში 15 ათასი ადამიანი დაიღუპა. 2008 წელს, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის განდევნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა ამით ვერაფერი მოიგო. ამაში წავიდა 84 მილიარდი დოლარი და რუსეთს ხელში დარჩა ორი ჩემოდანი - 'აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა', - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 
ინტერვიუ უკრაინულ გამოცემას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტისას მისცა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels