Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროკავშირის განცხადება საქართველოს მოახლოებულ არჩევნებზე

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „გადამწყვეტი' იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირი-საქართველოს „მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას' განსაზღვრავს, განაცხადეს შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში და კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივ განცხადებაში 3 სექტემბერს.

შტეფან ფულე ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

ფულემ და ეშტონმა ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარეს, საქართველოს მთავრობასაც და ოპოზიციასაც მოუწოდეს „გააგრძელონ მშვიდობიანი, მოქმედებისთვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს და ასევე ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა'.

„შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში არსებული მზარდი პოლარიზაციით და დაძაბულობით  - არჩევნები პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული', - ნათქვამია განცხადებაში, „ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია როგორც მთავრობას და ასევე ოპოზიციასაც, რათა უზრუნველყონ არჩევნების სათანადოდ ჩატარება და, შესაბამისად, მათი ლეგიტიმურობა'.

„საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იქნას დაცული და ის ისე უნდა აღსრულდეს, რომ შენარჩუნდეს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობა', - აცხადებენ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები. 

„ყველა პარტიამ და კანდიდატმა ხელი უნდა შეუწყოს მშვიდ და ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და დაძაბულობის გამომწვევი განცხადებებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ისედაც დაძაბული გარემოს შემდგომი ესკალაცია გამოიწვიონ და [არჩევნების] შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები დათესონ', - ნათქვამია განცხადებაში.

სივილ ჯორჯია 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels