Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვატიკანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა

საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, 2012 წლის 20-23 ივნისს, შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ვატიკანში, მინისტრის პირველი მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის, ხელმძღვანელობით.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანთან, არქიეპისკოპოს დომინიკ მამბერტისთან, მის მოადგილესთან, მონსინიორ ეტორე ბალესტრეროსთან, მშვიდობისა და სამართლის საბჭოს თავმჯდომარესთან, კარდინალ პეტერ ტურკსონთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე და გლობალურ გამოწვევებზე კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

ვატიკანის მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვატიკანის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა წმიდა საყდართან საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია. დამსწრეთ სიტყვით მიმართეს ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ და წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანმა, არქიეპისკოპოსმა დომინიკ მამბერტიმ.

გამოსვლებში აღინიშნა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი დაეთმო მეცნიერთა გამოსვლებს, რომლებმაც წარმოადგინეს საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის ურთიერთობების ამსახველ ისტორიულ წყაროებზე დაფუძნებული კვლევები.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels