Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ზვიად სიჭინავას კრემლის იდეა არ ხიბლავს: ჩვენ ჩემპიონატს მივხედოთ

ცნობილია, რომ კრემლმა 'გაზპრომის' ხელმძღვანელის, ალექსეი მილერისპირით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენის სურვილი გააჟღერა. 

მართალია, ამბობენ, რომ მასში მონაწილეობას 'ეს-ენ-გეს' წევრ 3-5 ქვეყანას სთავაზობენ, მაგრამ რა გასაკვირია, რომ მზერა მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეზე უჭირავთ.

მსგავსი იდეები ადრეც ბევჯერ წამოჭრილა, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა იდეას რუსული მედია აქტიურ ტირაჟირებას უკეთებს და რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ივანოვი საკითხის მიმართ საეჭვო ინტერესს ავლენს.

ჩვენდა საუბედუროდ, საქართველოს პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა ერგო და გვინდა თუ არა, 'ეს-ენ-გეს' ჩემპიონატის თემის განხილვისას საქართველოსაც ხშირად ახსენებენ, რადგან თბილისის 'დინამომ' საბჭოურ ფეხბურთში დიდი კვალი და ლამაზი მოგონებები დატოვა - ეს რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ.

სხვათა შორის, აქვე ვიტყვით, რომ ბევრ ქართულ კლუბში, რატომღაც, ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ, რისი მიზეზიც ჩვენთვის აუხსნელია.

ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას არც ზვიად სიჭინავას ურჩევდნენ, მაგრამ ამაში საიდუმლო არაფერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 'ლელოსთან' საინტერესოდ ილაპარაკა.

'უკვე წელიწადნახევარია, რაც უეფაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მაგრამ მე ვერ ვხედავ, რა სტრუქტურით სურთ ტურნირის გამართვა, ევროთასებზე გუნდები რა კვოტით გავლენ, ჩემპიონატში რომელ ქვეყანას რამდენი გუნდი ეყოლება. 

მაგალითად, ცხადია, რუსები რაც შეიძლება მეტი წარმომადგენლის შეყვანას შეეცდებიან, მაგრამ თუ გაერთიანებასა და თანაბარუფლებიანობაზეა ლაპარაკი, რატომ უნდა ჰყავდეთ სხვა ქვეყანაზე მეტი, ვთქვათ, ექვსი კლუბი და ჩვენ კი მხოლოდ ერთი? 

ან ვის უნდა ვეჭიდავოთ, უმდიდრეს ცსკა-ს, მოსკოვის 'სპარტაკს', 'რუბინს' თუ 'ანჟის', რომელთა ბიუჯეტებიც მინიმუმ 100 მილიონი დოლარია?

ამბობენ, რომ ტურნირი ერთმა ფედერაციამ უნდა ჩაატაროს. ვეთანხმები უკრაინელებს: გაუგებარია, რომელი ეროვნული ფედერაცია დათმობს სტატუსს, ან ვის და რატომ უნდა დავუთმოთ? 

რატომ უნდა ჩამიტაროს ქართული გუნდის თამაში სხვა ქვეყნის ფედერაციამ, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, ფედერაციის დამოუკიდებლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია?

მოკლედ, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ეს რომ იყოს რეგიონული არაფორმალური ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და ეროვნული ჩემპიონატისა და ფედერაციის დამოუკიდებლობას არ დაემუქრება, სადავო და დასაფიქრებელი არაფერი იქნებოდა. 

მაგალითად, თავის დროზე, ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა 'ბალტიის თასის' გათამაშება დაიწყეს. ეს სულ სხვა რამ იქნებოდა, რადგან ასეთ ტურნირს არ აქვს ფედერაციების გაერთიანების პრეტენზია და სეზონის გალამაზებას ემსახურება. 

ბოლოს და ბოლოს, იქ მონაწილე გუნდების ქალაქები ერთმანეთისგან 100 კილომეტრით არის დაშორებული და თამაშებზე სწრაფმავალი მატარებლებით დადიან. რუსების ორგანიზებულ ტურნირის მონაწილეებს კი თვითმფრინავში მოუწევთ ცხოვრება.

სამწუხაროდ, კავკასიაში მსგავსი ტურნირის გამართვას აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი აბრკოლებს. რეგიონულ ტურნირებზე შემოთავაზებები ჩვენც მივიღეთ, მათ შორის, 'ეს-ენ-გეზე'. 

სხვათა შორის, ეს იდეა 'გაზპრომამდე' რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა სერგეი ფურსენკომ წამოაყენა, მაგრამ რომელ რეალურობაზეა ლაპარაკი, როდესაც ქართული კლუბები საქართველოს ქალაქებში ავტობუსებით ძლივს ჩადიან და რიგაში, ყაზანში, პეტერბურგსა და ალმატიში ყოველ მეორე კვირას თვითმფრინავით მგზავრობის სახსრები ექნებათ?

მეორეც არის: ახლა ქართულ კლუბებს ყოველ წელს აქვთ შანსი, ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში რომ მოხვდნენ. წარმოუდგენელია, პოსტსაბჭოურ ლიგაში გაწევრიანების შემთხვევაში, ეს შანსი შევინარჩუნოთ. 

ან როგორ წარმოგიდგენიათ სავიზო პრობლემების მოგვარება?

საერთოდ, ძველ ნაცნობებთან ხშირ შეხვედრებსა და საფეხბურთო კავშირების შენარჩუნებას მივესალმები, ერთკვირიანი ტურნირებიც არ იქნება პრობლემა. მაგალითად, ბალტიის თასზე ქართული კლუბები რომ მიიწვიონ და იქ სამი შეხვედრა გამართონ, ამას სხვა დატვირთვა ექნება. მაგრამ აქ არის ლაპარაკი 'ეს-ენ-გეს' ჩემპიონატზე, რომელსაც ერთი ფედერაცია ჩაატარებს. 

პოსტსაბჭოური ქვეყნების გაერთიანებული ტურნირი კი ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ცუდი მოდელი იქნება.

მე ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების მომხრე ვარ. ქართული ფეხბურთი და კლუბები ასე უფრო განვითარდება. ის, რომ წლების განმავლობაში ჩავარდნა გვქონდა, საკუთარ ჩემპიონატზე უარის თქმის მიზეზად ვერ გამოდგება - ჩვენ საქართველოს ჩემპიონატს უნდა მივხედოთ და მოვუაროთ',
 - გვითხრა სიჭინავამ.

'ლელო'

ე.შ 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels