Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თბილისის თქმით, მოსკოვი ევროკავშირის მისიის დასუსტებას ცდილობს

მოსკოვი ცდილობს ძირი გამოუთხაროს და „დაასუსტოს' საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოხუმში თავისი „მარიონეტების' ხელით, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ 26 აპრილს.

„ისინი ამას ვერ მიაღწევენ', - განუცხადა მან ჟურნალისტებს, „ჩვენ ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ და ეს არის შეშფოთების საფუძველი ასეთი ღია და, მე ვიტყოდი, თავხედური მცდელობა რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტების მხრიდან'.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 25 აპრილს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში' დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად' გამოაცხადა. ამ ფაქტს ერთი დღით ადრე წინ უძღოდა აფხაზური მხარის უარი მონაწილეობა მიეღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 აპრილს გალში დაგეგმილ შეხვედრაში ტიშკევიჩის მიმართ პროტესტის ნიშნად. სოხუმს სურს, რომ მისიას ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრებზე ვინმე სხვა წარმოადგენდეს და არა მისიის ხელმძღვანელი.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სტაბილურობის, სიმშვიდის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ინსტრუმენტი და ყველას, ვისაც სურს რომ იყოს მშვიდობა, სურს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფუნქციონირებდეს ხელშეუშლელად', - განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ განხორციელებული დემარში იმ ქმედებათა ჯაჭვის ნაწილია, რომელიც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებას ისახავს მიზნად.

ამავე განცხადების თანახმად, ეს და სხვა დემარშები მისიის წინააღმდეგ ნათლად წარმოაჩენს, რომ რუსული მხარე არაკომფორტულად გრძნობს თავს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიების ყოფნის გამო.

ქართულმა მხარემ მოუწოდა მოსკოვს უზრუნველყოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის და ჟენევის დისკუსიების შეუფერხებელი მუშაობა და დაუყონებლივ მოიხსნას ყველა წინააღმდეგობა ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და ჟენევის დისკუსიებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლთან დაკავშირებით.  

26 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში გიგა ბოკერია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადების იმ ნაწილსაც შეეხო, რომელიც პროტესტს გამოხატავს სადამკვირვებლო მისიის უარზე, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჯეროვანი ყურადღება' დაუთმოს თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირების თაობაზე გამოთქმულბრალდებებს.

„აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სულელურმა განცხადებებმა, რომელსაც აკეთებდა ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი, მისცა საბაბი ასეთი აგრესიული კამპანიისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ', - განაცხადა ბოკერიამ.    

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels