Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> კანცელარიაში საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი მიმდინარეობს

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებამდე 3-4 რაუნდი იქნება საჭირო. 
ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გორდაძემ ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდის დაწყებამდე განუცხადა. გორდაძის განცხადებით, დღეს იმართება მე-11 რაუნდი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და პირადად მისთვის ეს იქნება ბოლო რაუნდი, რომელსაც წაიყვანს. გორდაძის განცხადებით შემდეგ რაუნდს ახალი მთავრობის წარმომადგენლები წაუძღვებიან და მათ წარმატებები უსურვა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან გაგრძელდეს მოლაპარაკებები იმ ტემპით, რა ტემპითაც მიმდინარეობდა.
'ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ მოლაპარაკებების დიდი ნაწილი დასრულებულია. მიგვაჩნია რომ კიდევ სამი ოთხი რაუნდი იქნება საჭირო ასოცირების შესახებ, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებამდე. ეს ორი ხელშეკრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მიზანია, ეს მოლაპარაკებები მომავალი წლის მეორე ნახევარში დასრულდეს და ამის შემდეგ საქართველოს მიეცემა დიდი პერსპექტივა, რომ გააკეთოს განაცხადი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე', - განაცხადა თორნიკე გორდაძემ. 
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ვიზების შესახებ მოლაპარაკება, რომელიც კარგი ტემპით მიმდინარეობს. გორდაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ცდილობს ეს მოლაპარაკებები დაასრულოს მომავალი წლის ბოლოს. 
ამასთან გორდაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. 
'აქ საქართველომ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა მიიღოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით', - განაცხადა თორნიკე გორდაძემ. 
რაც შეეხება მოლაპარაკებების მე-11 რაუნდს, ის მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან წარმართავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი. 
საქართველოს მხრიდან ამ მოლაპარაკებებში ჩართულია პრეზიდენტის მიერ შექმნილი უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება თითქმის ყველა სამინისტროს წარმომადგენლისგან.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels