Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მამა მიქაელ ბოტკოველი - 'ნაციონალ' პარლამენტარებს აუდიტორია დაუცარიელდათ

პატრიარქის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით ორი 'ნაციონალი' პარლამენტარის შეფასება საზოგადოების მცირე ჯგუფის აზრს გამოხატავს, _ ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა . 
მამა მიქაელ ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენლების, ზურაბ ჯაფარიძისა და სერგო რატიანის განცხადებაზე, რომელშიც პატრიარქის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტია  შეფასებული.
მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, გამოჩნდა ორი პარლამენტარი, რომლებიც პატრიარქის ვიზიტს უარყოფითად აფასებენ, მაგრამ ეს 'ნაციონალი' პარლამენტარების პრობლემაა. პატრიარქის მდივანი ფიქრობს, რომ აღნიშნულ პარლამენტარებს აუდიტორია დაუცარიელდათ და მათ შეფასებებს დიდი მსყიდველი ნაკლებად ეყოლება. 
'მათ ქონდათ ამ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, როდესაც უმრავლესობაში იყვნენ. ქონდათ 9 წელი. პირიქით, ყოფილმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით სიტუაცია კრიზისში შეიყვანა. ასე რომ, დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში და აცალონ უმრავლესობას', _ აღნიშნა პატრიარქის მდივანმა.
მისივე განცხადებით, 'ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენლები იმიტომ არიან უმცირესობაში, რომ მათ ხალხის უმრავლესობამ მხარი აღარ დაუჭირა, ანუ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა რუსეთთან და სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, როგორც ჩანს ხალხისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. 
'როდესაც ვაფასებთ პატრიარქის წარმატებულ მოგზაურობას რუსეთის ფედერაციაში, ჩვენ არც გვქონია ამბიცია, რომ ეს ყველას მოეწონებოდა. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, შესაძლოა, ადამიანების ჯგუფიც, რომელსაც ეს არ მოეწონებათ. მაგრამ მინდა, დავამშვიდო ისინი, რომ დღეს უმრავლესობაში არ არიან და მათი შეფასებები ისეთი აქტუალური არ არის, როგორც მანამდე იყო', _ დასძინა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, პატრიარქის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში და იქ უმაღლესი დონის შეხვედრები საზოგადოების დიდი ნაწილისგან აღქმულია როგორც პოზიტივად და მას ორივე ქვეყნისთვის აუცილებლად კარგი შედეგები ექნება.
მამა მიქაელის განცხადებით, ქართული მხარე დაუსრულებლად ვერ ისაუბრებს კონფლიქტების შესახებ და ეს საკითხები, ადრე თუ გვიან, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ამიტომაც, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტის დაწყება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels