Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველო თავის მოქალაქეებს არსად დატოვებს

საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილისთვის სასჯელის შემსუბუქებას და სოხუმში მყოფი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მუშაობს, რომ იგივე განაჩენი გამოუტანონ ბაბუცა გორდაძეს, რაც დარეჯან კოხტაშვილს, რომელსაც, ფაქტობრივად, 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 
პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც დაკავებულებს პატიმრობა მიესჯებათ, მთავრობა იმუშავებს, რომ მათ სასჯელი საქართველოში მოიხადონ. 
'დარეჯან კოხტაშვილის შემთხვევაში, ეს ჩვენთვის დიდი შვებაა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს და ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დღე და ღამ არ ეძინათ და მუშაობდნენ ამ ორი ადამიანის ტრაგიკულ ბედზე. დავით საყვარელიძემ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ სასიკვდილო განაჩენი შეცვლილიყო და იმავეს აკეთებს ბაბუცა გორდაძის საქმეზე. ეს ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო თავის მოქალაქეებს არსად დატოვებს. ჩვენ უკვე სახელმწიფო ვართ. ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეს მომკითხავი არ ჰყავდა, მისი ბედი არც ხელისუფლებას და არც დიპლომატიურ წარმომადგენლებს აღელვებდათ, დასრულდა. ახლა ყველაფერი შეცვლილია', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომელმაც დარეჯან კოხტაშვილის განაჩენის შეცვლას მიაღწია და განსაკუთრებულად აღნიშნა გიორგი კარბელაშვილის დამსახურება სოხუმიდან ქართველი მეზღვაურების დაბრუნებაში. 
'გიორგი კარბელაშვილის დახმარებით გამოვგლიჯეთ საოკუპაციო ხელისუფლებას ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც მძევლად ჰყავდათ აყვანილი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. კარბელაშვილმა ისინი სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული მეზღვაურების მსგავსად გამოიხსნა მაშინვე, როგორც კი ტროპიკული მალარიისგან განიკურნა', - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი კარბელაშვილმა მოიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და იმუშავა ყველანარი არხით, ვიდრე შედეგი არ მიიღო. 
'ის, რომ ჩვენ კარბელაშვილისნაირი სამოქალაქო მოსამსახურეები გვყავს, რომლებიც კბილებით ბოლომდე იბრძვიან თითოეული მოქალაქისთვის, ჩემთვის დიდი იმედის მომცემია. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი ტრადიცია ქართულ სამოქალაქო სამსახურში',- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 
მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.მას ორი წელი უკვე მოხდილი აქვს.  როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საქართველოს ხელისუფლების და დაკავებულების ადვოკატების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.
ამავე დღეს, ენგურის ხიდის გავლით, ზუგდიდში გადმოვიდა ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში სოხუმის პორტში იმყოფებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels