Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტი ერიკ რუბინს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანაშრომლობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელება და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

მხარეებმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან წვლილზეც გაამახვილეს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ შეაქვს. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი კვლავ პრიორიტეტულია და ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. თავის მხრივ, ერიკ რუბინმა თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებით; ასევე იმ პროგრესის გაგრძელებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. შეხვედრისას, ISAF მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც ისაუბრეს და ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმსაც შეეხნენ.

ამას გარდა, მხარეებმა ჟენევის პროცესის მიმდინარეობისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე ყურადღება დაუთმეს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარების პროცესს, რომელიც ერიკ რუბინის შეფასებით, დემოკრატიულად და სამართლიანად განხორციელდა. ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.საუბრის დასასრულს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

პრაიმტაიმი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels