Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი და რას დაგვპირდა ივანიშვილი?!

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 'ქართულ ოცნებასთან' თანამშრომლობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მისი აზრით, დიალოგი რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. მისასალმებელია, რომ ამ გამოწვევას მხარი 'ქართულმა ოცნებამაც' დაუჭირა.

სხვათაშორის, არჩევნების შემდგომმა დღეებმა ამის აუცილებლობა დღის წესრიგში რეალურად დააყენა _ არჩევნებში უბრალო უმრავლესობით გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ 'ქართულ ოცნებას' თავი უკვე ქუდში აქვს და სიტუაციის დალაგებისთვის მხოლოდ ჯოხის აქნევა იკმარებს...

სიტუაცია კი უპირველესად ყოფილ სახელისუფლო უმრავლესობასთან, ანუ 'ნაცმოძრაობასთან' უნდა დაალაგოს. ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ფაქტს, რომ მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწ უკვე დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციის, 'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარეა, რაც არსებით ბარიერს ქმნის ახალი უმრავლესობის ეფექტური საქმიანობისთვის.

აქედან გამომდინარე, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა იფიქროს არა პრეზიდენტის გადაყენებაზე (მითუმეტეს, მას ამის სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია), არამედ კატეგორიულად მოსთხოვოს სააკაშვილს _ უპირობოდ გაემიჯნოს 'ნაცმოძრაობას' საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე.

ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას თანამშრომლობა მოუწევს არა დემორალიზებული საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთან, არამედ საქართველოს პრეზიდენტთან, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია კონსტიტუციით.

ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ცხრა წლის მანძილზე ითავსებდა მმართველი პარტიის _ 'ნაცმოძრაობის' ლიდერის თანამდებობას, კონსტიტუციის 'ნაციონალებზე' მორგების მცდელობა იყო (სხვათაშორის, მას არცთუ უსაფუძვლოდ ეძახდნენ 'ნაცმოძრაობის' პრეზიდენტს), რაც ახლო მომავალში წარსულს უნდა ჩაბარდეს!


თუ 'ქართული ოცნების' მოთხოვნა კატეგორიული იქნება, სააკაშვილის მხრიდან _ 'ნაცმოძრაობის' თავმჯდომარეობიდან გადადგომამ, შეიძლება 180 გრადუსით შემოატრიალოს ურთიერთობები პრეზიდენტსა და მომავალ მინისტრთა კაბინეტს შორის.

რაც არ უნდა მოგვწონდეს სააკაშვილი, მასთან კონფრონტაცია დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესში არ შედის, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოქმედ პრეზიდენტს, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი დარჩა, ხელში აქვს ბერკეტები სამართლებრივად შექმნას პოლიტიკური კრიზისი.

მართალია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უკვე ღიად აცხადებს, რომ ის ითანამშრომლებს სააკაშვილთან და საპარლამენტო ოპოზიციასთანაც, მაგრამ თანამშრომლობის პრინციპები რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოყალიბდეს. 

ვეთანხმები უშიშროების საბჭოს მდივანს, 'რუხ კარდინალად' წოდებულ გიგა ბოკერიას, რომ დიალოგი დროულად უნდა დაიწყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოქმედი კონსტიტუციით ძალოვანი მინისტრები უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსენსუსის გარეშე საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ გამარჯვებული კოალიცია, ძალოვანი მინისტრების პოსტზე სასურველ კანდიდატურას არა მარტო ვერ გაიყვანს, არამედ პრემიერ-მინისტრსაც არ ექნება მათზე ზემოქმედების ბერკეტები. აქედან გამომდინარე, სააკაშვილთან დაპირისპირება საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავს, რაც 'ქართულმა ოცნებამ' და მისმა ლიდერმა აქედანვე უნდა გაითვალისწინოს!

მართალია, მსოფლიო საზოგადოება გავაკვირვეთ ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარებით (თუმცა, ეს პროცესი ჯერ კიდევ წინ არის), მაგრამ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს მეორე და მესამეც უნდა მოჰყვეს და იგივე მსოფლიო თანამეგობრობას პოლიტიკურად დაპირისპირებულ ძალთა საქმიანი თანამშრომლობის პრეცედენტიც უნდა ვანახოთ.

მე არ ვიზიარებ ბ-ნ გია ხუხაშვილის ოფიციალურ განცხადებას, რომ ისინი პარლამენტში ხმების 2/3-საც შეაგროვებენ და საპრეზიდენტო იმპიჩმენტისთვისაც მზად არიან. ეტყობა, ბატონი ხუხაშვილი 'ნაციონალების' მხარდაჭერით გასული მაჟორიტარებისა და ცალკეული ქამელეონების გადმობირების პრაქტიკას გულისხმობდა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ჯერ ერთი, ამ თემაზე ხმამაღლა არ უნდა საუბრობდეს, მეორეც, ეს ამ დაძაბულ სიტუაციაში არანაირად არ ასხამს წყალს 'ქართული ოცნების' წისქვილზე.

როგორც ვთქვი, ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, ახალ უმრავლესობას თანამშრომლობა მოუწევს სააკაშვილთანაც და 'ნაციონალურ მოძრაობასთანაც'. ცხადია, ეს მათთვის ძალიან მძიმე, მაგრამ აუცილებელი რეალობა იქნება, რომლის გარეშეც სტაბილურობის შენარჩუნება და სიტუაციის დალაგება შეუძლებელია. 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, დამნაშავეები კანონის ძალით არ უნდა დაისაჯონ. პროცესი უნდა დაიწყოს, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში გლობალურად მხოლოდ მაშინ უნდა დადგეს, როცა ახალი მთავრობა პოზიციებს გაიმყარებს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება.

საზოგადოება 'ქართული ოცნებისგან' რადიკალურ (სიღრმისეულ) ცვლილებებს ელის. ეს უპირველესად, საკადრო პოლიტიკაშიც უნდა გამოიხატოს. განსხვავებით 'ნაციონალებისგან', ივანიშვილს 'საკადრო კარუსელები' არ უნდა დასჭირდეს _ თუმცა, მთავარია, რა კრიტერიუმებით შეარჩევს იგი მომავალ მინისტრებს თუ სხვა წამყვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს. მხოლოდ საარჩევნო ბატალიებში მიღწეული წარმატება არ უნდა გახდეს მავანის და მავანის მინისტრის პორტფელით 'დაჯილდოების' საფუძველი, მითუმეტეს, თუ იგი პროფესიონალური გუნდის ფორმირებას აპირებს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის მართვაზე. სწორედ საზოგადოების წინაშე უპასუხისმგებლობა იყო ის უმთავრესი ნაკლი, რომლითაც ხასითდებოდა მათი წინამორბედი მთავრობები. 

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ პარტიული ნიშნით კადრების შერჩევა ქვეყანას ხეირს არ მოუტანს. აქედან გამომდინარე, ივანიშვილს აქვს შანსი, ჩამოაყალიბოს პროფესიონალური, კომპეტენტური ნიშნით შერჩეული მთავრობა. თუ კულუარულ ინფორმაციას დავუჯერებთ, განსახილველი კანდიდატურები საზოგადოებისთვის მიუღებელი ნამდვილად არ არის, თუმცა უკეთესის მოფიქრებაც შეიძლება! არც იმას გამოვრიცხავ, მომავალმა მინისტრებმა გარდამავალი პერიოდის მისია შეასრულონ.

და ბოლოს: ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მოვთხოვოთ, სასწაულები მოახდინოს, 'ნაცმოძრაობის' უღლისგან წელში გადამტყდარი ქვეყანა ერთ წელიწადში ფეხზე დააყენოს და ბაღნარად აქციოს. თუმცა, არც ექსპერიმენტების და სერიოზული შეცდომების დაშვების უფლება გვაქვს _ საქართველო ამას უბრალოდ ვერ აიტანს!

ისე, ივანიშვილმა თქვა, მოვალო და შეასრულა. ისიც თქვა, ქვეყანას ქვეყანას დავამსგავსებ და ევროპას დემოკრატიით გავაკვრივებო. თუ ესეც შეასრულა _ საქართველოს ეროვნული გმირის გვირგვინი გარანტირებული ექნება. ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი!

ივერიონი

ე.შ 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels