Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რა პირობას უყენებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს ხელისუფლებას?

მართალია რუსეთთან დაახლოების პროცესის დაწყების წინ საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისეთი პრობლემური თემები, როგორიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი დიალოგის ფარგლებში განხილული არ იქნება, მაგრამ რუსული მხარე საქართველოსთან დაახლოების პერსპექტივას სწორედ ამ საკითხს უკავშირებს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა. ნიკოლაი პატრუშევმა თბილისთან დიალოგზე საუბრისას, სწორედ სოხუმი და ცხინვალი ახსენა და კიდევ ერთხელ გააჟღერა მოსკოვის პოზიცია, რომლის თანახმადაც, კრემლი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან თავდაუსხმელობის შეთანხმების ხელმოწერას მოითხოვს. ამასთან „საქართველოს ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს' - აცხადებს პატრუშევი.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, „მაგრამ ორიენტირება უნდა გავაკეთოთ არა მარტო განცხადებებზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების რეალურ ნაბიჯებზე, რომლებიც მათ პირველებმა უნდა გადადგან. სამწუხაროდ, ისინი ჯერ არ საუბრობენ იმაზე, რომ არ გამოიყენებენ ძალას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - რუსეთის მიერ აღიარებულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან მიმართებში' - აცხადებს პატრუშევი „კომსომოლსკაია პრავდასთვის' მიცემულ ინტერვიუში.

პატრუშევის აზრით, დღეს თავად საქართველოში რთული პოლიტიკური სიტუაციაა, გარდა ამისა, ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს აშშ და ნატო.

„ჩანს წინააღმდეგობა პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის. მათ უნდა გადაჭრან შიდა პრობლემები, გაარკვიონ, რომელს რა როლი აქვს. ერთი მათგანი ამბობს, რომ დაინტერესებულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის აღდგენაში, მეორე კი ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. სხვა საკითხებში კი მათი პოზიციები ემთხვევა. მაგალითად, ორივე აცხადებს, რომ მათი მიზანია საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოება' - ამბობს პატრუშევი და დასძენს, რომ „ჩვენი ხალხები ისტორიულად ახლოს არიან ერთმანეთთან, ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ერთიან სახელმწიფოში და აქტიურად თანამშრომლობდნენ'.

იქვე პატრუშევმა ხაზგასმით განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, სადაც რუსეთის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, რამაც სერიოზული სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობები შექმნა'. 

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels