Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სააკაშვილი საქართველოს დამორჩილების „ახალი პუტინური გეგმის“ შესახებ

მართალია საქართველომ ვერ მოიგო აგვისტოს ომი, მაგრამ რუსეთმაც არაფერი არ მოიგო, განაცხადა 7 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ომის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრისას.

გორის სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სამხედროები და აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია ვერც ერთ თავის მთავარ სტრატეგიულ მიზანს საქართველოსთან მიმართებაში.

თავის გამოსვლაში მან „ახალ პუტინურ გეგმაზეც' ისაუბრა, რომელიც საქართველოს „შიგნიდან გატეხვას' და მის დამორჩილებას ისახავს მიზნად. 

„რუსეთის 7 აგვისტოს წლების განმავლობაში ამზადებდა', - განაცხადა მან. „ეს იყო საქართველოს სრული დამორჩილება, ეს იყო თბილისის აღება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის 180 გრადუსით შემობრუნება'.

„ახლა ხშირად არის კამათი სხვადასხვა პოლიტიკოსებში, საქართელომ მოიგო თუ წააგო ეს ომი. სანამ ჩვენ მიწაზე, აქედან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტები დგანან, როგორ მოგვიბრუნდება ენა რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა, რა მოიგო რუსეთმა?' - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთმა ვერაფერი ვერ მოიგო, ვინაიდან მისი მთავარი მიზანი, მთელი საქართველო დაეპყრო, ვერ განხორციელდა.

რუსეთს სამი მთავარი სტრატეგიული ამოცანა ჰქონდა, როდესაც ის ოთხი წლის წინ საქართველოში შემოიჭრა, განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის პირელი ამოცანა საქართველოს მთავრობის დამხობა და მისი ლიდერების „ფიზიკური განადგურება' იყო.

„მათ ეს, რა თქმა უნდა, ვერ განახორციელეს. საქართველოს ჰყავს იგივე მთავრობა, ესე იგი რუსეთი არ არის გამარჯვებული', - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის მეორე ამოცანა იყო საქართველოს როგორც ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტის როლის მოსპობა. „რუსეთმა ეს ვერ მოახერხა, ესე იგი რუსი ოკუპანტი არ არის გამარჯვებული', - დასძინა მან.

რუსეთის მესამე სტრატეგიული ამოცანა იყო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ კრემლმა ამ მიზანსაც ვერ მიაღწია.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან, უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გამოცხადებასთან', - განაცხადა მან.

ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ალიანსის შემდეგი 2014 წლის სამიტი გაფართოებას მიეძღვნება და „საქართველო იქნება საყოველთაო კონსენსუსით ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი'. „ესე იგი, რუსეთი არ არის გამარჯვებული', - დასძინა მან.

„მოსკოვში ჯერ კიდევ ცოცხლობს საბჭოთა ოცნება; შესაბამისად, მათ ახალი გეგმა აქვთ საქართველოსთვის, ეს გეგმა ითვალისწინებს საქართველოს შიგნიდან გატეხვას... ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქვეყნის დამორჩილება სჯობს ისევ ქართველთა ხელით. ამ ახალი პუტინური გეგმის გათვლა ემყარება იმას, რომ ქართველები დაიღლებიან წინააღმდეგობის გაწევით'.

„ამ ახალი გეგმის ავტორებს, სამწუხაროდ, კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს ისტორია და იციან, რომ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ისეთი ქართველი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ დამპყრობელთან შერიგებას დათანხმდება', - განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ „დათვისთვის ბაბაიას დაძახება' არ იმუშავებს.

სააკაშვილის თქმით, საქართველო იმიტომ გადარჩა თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, რომ ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა თავის მტრებს და „არასდროს არ დავიწყეთ იმის გაზომვა, თუ რამდენად ძლიერი იყო მოწინააღმდეგე'.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართელოს სახელმწიფო დროშა კვლავ ფრიალებს თბილისის თავზე, აღიზიანებს „ჩვენ დამპყრობლებს და მათ ადგილობრივ დამქაშებს'.

„კრემლს შეიძლება ბევრი ოცნება ჰქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს, კრემლის ოცნებების გვერდის ავლით, თავისი გეგმა აქვს საქართველოს მომავლის შესახებ', - განაცხადა მან. „ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში, რამდენიც არ უნდა იოცნებონ ამაზე მოსკოვში, რამდენიც არ უნდა იოცნებენ ამაზე ადგილობრივმა მუმიფიცირებულმა მოღვაწეებმა წარსულიდან'.

„რამდენიც არ უნდა იოცნებონ ჩვენ დამპყრობლებმა და მათმა ადგილობრივმა დამქაშებმა, საბჭოთა კავშირი არ აღდგება', - განაცხადა სააკაშვილმა.

„ძალიან მალე, ისტორიისთვის ძალიან მოკლე დროში, ჩვენ მოვესწრებით ახალ რუსეთს... რომელიც უარს იტყვის იმპერიულ ფანტაზიებზე, რუსეთს, რომელიც დაიწყებს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, იმ რუსეთთან ჩვენ მართლა დავალაგებთ ურთიერთობას', - განაცხადა მან.

მისი თქმით, „ძალიან მოკლე დროში' აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი განთავისუფლდება რუსული ოკუპაციისგან.   

„მათ გაუჩნდებათ რეალური შანსი თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და აირჩიონ მათთვის სასურველი განვითარების კურსი; ამ დროისთვის ჩვენ ვიქნებით წელში გამართული, განვითარებული ევროპული სახელმწიფო სოციალური დაცვის ძლიერი სისტემით, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უმაღლესი დონის ჯანდაცვით, ძლიერი სოფლის მეურნეობით, დასაქმების მაღალი მაჩვენებლით და ეკონომიკური შესაძლებლობებით სავსე', - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს არის საქართველოს გეგმა, რომელსაც საბოლოო ჯამში გაერთიანება და გამარჯვება მოყვება.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels