Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქართველო უცხოურ მედიაში

დღევანდელ გამოშვებაში მოგითხრობთ იმ პოლემიკაზე, რაც მოჰყვა გასულ კვირას “ამერიკან პროგრესს ცენტრის” ანგარიშს, სადაც საუბარი იყო აშშ-ს უფრო აქტიურ დამოკიდებულებაზე საქართველოს კონფლიქტების მიმართ. “ევრაზია რევიუ” აქვეყნებს სტატიას სათაურით: ”ამერიკის დაცემა და მშვიდობა კავკასიაში”. სტატიის ავტორი მაიკლ ჩეჩირე ზემოხსენებულ აგარიშს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ დოკუმენტში ბევრი რამ მოსაწონია, მათ შორის ავტორთა სურვილი აშშ-ს მთელი რიგი კონკრეტული წინადადებები შესთავაზონ იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა დაანგრიოს ის, რასაც ავტორები გაქვავებულ და დიდწილად უნაყოფო სტატუს ქვოს უწოდებენ. თუმცა სტატიის ავტორი იქვე დასძენს, რომ დოკუმენტის მთავარი სისუსტე ის არის, რომ როგორც სჩანს ავტორების აზრით რუსეთ-საქართველოს შორის თანხმობის და პრობლემის გადაწყვეტის მიღწევა შესაძლებელია იმ პირობებშიც, თუკი არც ერთი მხარე საკუთარ პოზიციას არ შეცვლის. ამასთან დაკავშირებით სტატიის ავტორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი და საქართველო, ისე როგორც კონფლიქტური რეგიონები გარკვეული დათმობებისთვის მზად არიან. ამ კონტექსტში მაიკლ ჩეჩირე დასძეnს, რომ მაშინ როდესაც საქართველო, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ერთს ამბობს და მეორეს ფიქრობს, თითქოს იხრება უფრო პროგრესული და ჩართულობაზე ორიენტირებული პოლიტიკისკენ, მოსკოვის მხრიდან მსგავსი რამ არ შეიმჩნევა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მეგობრებზე ცხინვალიდან და სოხუმიდან.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ რუსეთი საკმაოდ ღიად გამოხატავს საკუთარ მისწრაფებებს იმის თაობაზე, რომ მხარს დაუჭერს საკუთარ პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ დომინირებას მის ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“ და იქვე დასძენს, რომ თუკი ამ მოსაზრებას დავუჯერებთ, მაშინ მორიგება საქართველოს და რუსეთს შორის ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით რაიმე „სასწაულს“.

“ეხოკავკაზა” მკითხველს კვირის სტუმრის რუბრიკაში დიტერ ბოდენთან ინტერვიუს სთავაზობს. ბოდენი რუსულ-ქართული დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და წუხილს გამოთქვამს ამ დიალოგის არარსებობის გამო. ბოდენს მიაჩნია, რომ შესაძლებელია მეზობლებს შორის კონტაქტი არაფორმალურადაც დაიწყოს. ბოდენი “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში დასძენს, რომ აუცილებელია საკუთარი შეცდომების აღიარება და ამ დროისთვის მხარეები არ არიან მზად 90-იან წლებში ომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისთვის. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად ეთანხმება თბილისს იმ კონცეფციაში, რომ არსებობს მხოლოდ რუსულ-ქართული კონფლქტი და არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ბოდენმა განაცხადა, რომ აუცილებელია იმის გააზრება, რომ კონფლიქტები არსებობს და მათ გადაჭრა სჭირდება. ბოდენი ომის შემდეგ შეცვლილ ვითარებასაც ეხება და დასძენს, რომ მოლაპარაკებების შედეგად კონფლიქტების გაყინვა არ უნდა მოხდეს. “ჩვენ უკვე მივიღეთ გაკვეთილი, რომ კონფლიქტები არ უნდა გავყინოთ”-განაცხადა დიტერ ბოდენმა “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში.

“ევრაზიანეტი” ერთგვარად აგრძელებს ჩვენ მთავარ თემას სტატიაში: “აფხაზეთი: ვენესუელა მოწყვეტილი ტერიტორიისთვის დიპლომატიური ცენტრის ფუნქციას ასრულებს”. სტატიის ავტორი ჯოშუა კუცერა მკითხველს აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯიასთან ინტერვიუს სთავაზობს. ღვინჯია ამ რეგიონში მეხუთედ მოგზაურობისას ამბობს, რომ ლათინური ამერიკა მთელს მსოფლიოში დიპლომატიური და სავაჭრო კავშირების დამყარების პროცესში, აფხაზეთისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ღვინჯია EურასიაNეტ.ორგ-ს კარაკასში სასტუმროში ესაუბრა და განაცხადა, რომ უფრო მეტი ქვეყნების მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზი დიპლომატების მთავარი პრიორიტეტია და ლათინური ამერიკა ამისთვის ”დიდ პოტენციალს” შეიცავს. აღიარების მოპოვება აფხაზეთისთვის ერთადერთი დიპლომატიური მიზანი როდია – ამბობს ღვინჯია. ”ჩვენ ვენესუელას აღიარებას მხოლოდ აღიარებისთვის როდი ვიყენებეთ, ჩვენ ნამდვილ სავაჭრო ურთიერთობებში ვართ დანტერესებულები. აფხაზეთი დაინტერესებულია ყავის, სიგარების, რომის, ბიტუმენის (ის პროდუქტი, რომელიც ასფალტის წარმოებისთვისაა საჭირო) იმპორტით ლათინური ამერიკიდან – ამბობს ღვინჯია და აღიარებს, რომ აფხაზეთს მცირე საექსპორტო რესურსი აქვს, მაგრამ ვარაუდობს რომ ღვინო ყველაზე მეტად გამოდგება უცხოეთში გასატანად. ღვინჯია გამოცემასთან ინტერვიუში აფხაზეთის აღიარების საკითხსაც ეხება და აცხადებს: ”ჩვენ გვესმის რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი მსოფლიოში არსებული ანტი-რუსული განწყობილებების პრიზმაში განიხილება. აფხაზეთს რუსეთის მარიონეტად აღიქვამენ. ჩვენ რომ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები შეერთებულ შტატებზე და ევროპაზე, განწყობა სხვანაირი იქნებოდა”. საქართველოს საგარეო უწყების მიერ აღიარების პოლიტიკის საპირისპიროდ წარმოებულ წარმატებულ დიპლომატიასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია “ევრაზიანეtთან” ინtერვიუში დასძენს რომ ”საქართველო უფრო იბრძვის აღიარებისთვის, ვიდრე ჩვენ”.

დაბოლოს რადიო “თავისუფლება” პოლიტოლოგ გია ნოდიას ინტერვიუს აქვეყნებს სათაურით ”საქართველო – გადამწყვეტი მომენტი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში”. ნოდია ეკლესიის ავტორიტეტის ურყეობაზე საუბრობს, რასაც გამოკითხვების შედეგებით ამყარებს და ამ ავტორიტეტიდან გამომდინარე პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის კრიტიკას ტაბუდადებულ თემად მიიჩევს. პოლიტოლოგი სტატიაში წერს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ეკლესიაში პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. “ეს აწუხებს მთავრობას, თუმცა ხელისუფალნი საჯაროდ თავს იკავებენ პროცესში საეკლესიო პირების ჩარევისგან და აგრძელებენ მართლამადიდებელი ეკლესიის სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.” ნოდია საქართველოს თურქეთთან სამი ქართული ეკლესიის აღდგენის შეთანხმებას ეკლესიასთან სერიოზულ განხეთქილების წყაროდ მიიჩნევს და მიიჩნევს, რომ “მთვლემარე უთანხმოების შეკავება სულ უფრო რთულდება”. ამ არგუმენტის გასამყარებლად ნოდიას სააკაშვილის დებატებში ირიბად ჩართვა მოჰყავს, როდესაც მან საჯარო განცხადებაში მეჩეთის აშენების უფლებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა

„მარგინალური პოლიტიკოსები“ ოპოზიციიდან, მაგრამ “ყველასთვის ცხადი იყო, რომ მან ასევე გააკრიტიკა მარგინალობისგან ძალიან შორს მყოფი საეკლესიო წრეებიც”.

სტატიის დასასრულს რადიო “თავისუფლებაზე” გამოქვეყნებულ სტატიაში გია ნოდია ეკლესიასა და სახელმწიფოს ბალანსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით დასძენს: ”შესძლებს თუ არა მთავრობა ამ კურსის შენარჩუნებას? ეს მხოლოდ ძველი ტაძრების გადარჩენის საკითხი აღარ არის, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ძალთა ბალანსის საკითხიცაა. სხვა სიტყვებით ესაა ბალანსი, სააკაშვილის მთავრობის სეკულარულ, სამოქალაქო ნაციონალიზმსა და ეთნო-რელიგიურ-კულტურულ ნაციონალიზმს შორის, რომელიც სულ უფრო მეტად ერთიანდება ეკლესიის გარშემო.”

Opinion.ge

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels