Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქრთველოს მოთხოვნები არ იცვლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გუშინ დასრულდა, თუმცა შედეგები კვლავ გასაიდუმლოებულია - მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.

'24 საათი' შეეცადა, ქართული დელეგაციის წევრებს მოლაპარაკებების შედეგების შესახებ გასაუბ­რებოდა, თუმცა უშედეგოდ, რადიო 'თავისუფლებამ' კი გუშინ თამარ კოვზირიძესთან დაკავშირე­ბა მოახერხა, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე რაუნდი, პირველთან შედარებით, მეტი 'კონკრე­ტულობით' გამოირჩეოდა.

ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას 153 წევრი ქვეყნიდან ყველა მხარს უჭერს - ერთის გამოკლებით. ორგანიზაციის წესების თანახმად კი, ორგანიზაციის თითოეულ წევრს აქვს უფლება, დაბლოკოს გადაწყვეტილება ახალი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის - საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ვიდრე რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - განთავსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებასა და გამჭვირვალობას არ უზრუნველყოფს, ორგანიზაცი­აში მის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, მით უმეტეს, რომ ქართული მხარის მოთხოვნები ვაჭ­რობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების ჩარჩოებშია და სრულიად ლეგიტიმურია.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ თამარ კოვზირიძე აცხადებს, რომ საქართ­ველოს პოზიცია უცვლელი დარჩა და ის კვლავაც გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია­ში რუსეთისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ორი საბაჟო-გამშვები პუნქტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. კოვზირიძის ინფორმაციით, საქართველოს მოთხოვნის დარეგულირების სხვადასხვა მექანიზმების განხილვა გაგრძელდება.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში დათმობაზე არ წავა, რადგან მისთვის პოლიტიკური საკითხებით მანიპულურება მიუღებელია. 'ვმო-ს არსებობის ისტორიაში ჯერ არ ყო­ფილა პრეცედენტი, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა, კანდიდატი ქვეყნის გაწევ­რიანება დაებლოკა. საქართველოს მხოლოდ საკითხის გართულება და პროცესის გარკვეული ვა­დით გაწელვა შეუძლია,' - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხ­ზე მომუშავე საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა ალექსეი პორტანსიმ გააკეთა.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით ამერიკა ეკონომიკური ფაქტორების გამო განსაკუთრებით არის დაინტერესებული. აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელ რონ კერკის განცხა­დებით, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, შესაძლოა, 2011 ან 2012 წელს შევიდეს. 'ეს წელს თუ არა, მომავალ წელს აუცილებლად მოხდება,' - აღნიშნა კერკმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ რადიო 'თავისუფლებას' განუცხადა, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მესამედაც შეხვდებიან ერთმანეთს. მო­ლაპარაკებათა მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიმართება. კონკრეტული თარიღი ჯერ არ დასახელებულა.

24 საათი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels