Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> უმცირესობის წევრებმა პარლამენტი დატოვეს და უგულავას მხარდასაჭერად თბილისისკენ დაიძრნენ

დედაქალაქის არჩეული მერისთვის ბრალის წაყენებას, უმცირესობის წევრები პოლიტიკურ დევნად აფასებენ და 19 აპრილს დაგეგმილ მიტინგს უკავშირებენ. მათი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ ტერორსა და ოპოზიციის განადგურებას. დეპუტატებმა, პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს და თბილისში გამოემგზავრნენ. 

გიგი უგულავას, დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წაუყენა და ბრალის გაცნობის მიზნით ხვალ გამომძიებელთან დაიბარა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უგულავასთვის ბრალის წაყენება პირადად პრემიერ ივანიშვილის დავალებაა. მან თბილისის არჩეულ მერს მთავრობის სხდომაზე მომხდარი შელაპარაკება არ აპატია.

თბილისის არჩეული მერისთვის ბრალის წაყენების შესახებ, დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს და გადაწყვეტილება ოპოზიციის განადგურების მცდელობად შეაფასეს.

'ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციაზე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება. მაჭავარიანმა ზეწოლა დაუკავშირა როგორც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანს, ასევე 19 აპრილისათვის დაგეგმილ ღონისძიებას.

დეპუტატმა აბსურდული უწოდა გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ის არის მერი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის მიერ არის არჩეული.

აბსურდულად აფასებს სამართალდამცავების ბრალდებას 'ნაციონალური მოძრაობის' კიდევ ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრი თავის დაპირებას ასრულებს - ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 'ნაციონალური მოძრაობა' აღარ არსებობდეს.

კუბლაშვილის თქმით, 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' თავის მხრივ იქნება თანმიმდევრული როგორც შეფასებებში, ასევე გადაწყვეტილებებში და თანაგუნდელს დაუდგება გვერდში.

'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, სადაც სესია ამ წუთებშიც გრძელდება, ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels