Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ხელისუფლება ოპოზიციაში ისეთ ძალებს ეძებს, რომლებიც თანახმა იქნებიან, ქვეყანაში ცვლილებები ნელ-ნელა მოხდეს

ნატო-საქართველოს კომისიის ბერლინის სხდომის შედეგებზე, ასევე იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ებრაელი ბიზნესმენების ვიზიტი აფხაზეთში, რატომ გადაიდო 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' მაისისთვის დაგეგმილი სამიტი შემოდგომისთვის, საქართველოსთვის მედვედევის ხელმეორედ გაპრეზიდენტება სჯობს, თუ კრემლში პუტინის დაბრუნება; როგორ დასრულდება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად ხელისუფლება-ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, 'ინტერპრესნიუსი' საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, როგორ შეაფასებდით ნატო-საქართველოს კომისიის ბერლინის სხდომის შედეგებს?
- კარგია, რომ საქართველო ნატო-სთან აქტიურად თანამშრომლობს. კარგია, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ღრმავდება, ნატო მიესალმება ჩვენთან სამხედრო რეფორმის ჩატარებას, მადლობებს გვიხდიან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და სულ აქტიურად განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიც არის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს როლის გაზრდა. ყოველ შემთხვევაში, ნატო-ში რომ ასეთი საკითხები განიხილება, მხოლოდ მისასალმებელია. პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველო ნატო-ში ჯერ ვერ შევა, მაგრამ ის, რომ ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობა კარგი სიგნალია ჩვენი მტრებისთვის, რომ თავი დაგვანებონ, უდავოა. 
- ისრაელის წარმომადგენლების სოხუმში სტუმრობამ ქართულ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მართალია, ისრაელიდან აფხაზეთში ჩასული პერსონები ბიზნესმენები და კერძო პირები არიან, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ყველამ მომხდარი ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასა და შემდეგ გასამართლებას დაუკავშირა. რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ებრაელი ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების გასამართლებას?
- არ გამოვრიცხავ, რომ ებრაელი ბიზნესმენების აფხაზეთში ჩასვლა ისრაელის მოქალაქეების მხრიდან დემონსტრაციული ჟესტი იყოს. თუმცა, ვნახოთ, ამას რა რეალური ნაბიჯები მოჰყვება. არა მგონია, აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება ვინმესთვის მომგებიანი იყოს, მით უმეტეს ებრაელების მსგავსი პრაგმატული ადამიანებისთვის. ამიტომ, დაველოდოთ, რეალურად რა მოჰყვება ებრაელ ბიზნესმენთა აფხაზეთში ვიზიტს.
- იმედია, ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნება. გასაგებია, რომ საქართველო თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისრაელმა საქართველოს, რუსული მხარის ზეწოლით, უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება შეუწყვიტა. ებრაულმა მხარემ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებაზე კონტრაქტები ისე გააფორმა, რომ თელ-ავივში საქართველოსთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა არავის გახსენებია . . . 
- რუსეთს ისრაელზე ზეწოლის საშუალება ყოველთვის ჰქონდა და ეტყობა, იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს ბერკეტები სრულად იქნა გამოყენებული. რუსეთს შეუძლია, შეაიარაღოს ისრაელის არაკეთილმოსურნე ქვეყნები, იგივე ისეთი პალესტინური ორგანიზაციები, როგორებიც არისწ 'ჰამასი' და 'ჰესბოლა', ასევე, ისრაელისადმი მტრულად განწყობილი სირია. როგორც ჩანს, კომპენსაციის სახით რუსეთმა თავად შეისყიდა ისრაელისგან სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და მათ ერთმანეთთან კარგი და საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს. შესაძლოა, ჩვენ არ მოგვწონდეს, როგორ იქცევა ისრაელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი რთულ სამეზობლოში იმყოფება და რუსეთს აქვს ისრაელზე ზეწოლის ბერკეტები, ჩანს, მოსკოვმა ისრაელთან მიმართებაში მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სრულად გამოიყენა. 
- ცნობილი გახდა, რომ 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' პროგრამის მაისში დაგეგმილი მეორე სამიტი შემოდგომისთვის გადაიდო. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, შესაძლოა, პროგრამა პროგრამადვე დარჩეს. არაბულ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო ევროპა ჩვენთვის ვერ იცლის, ევროპას რუსეთის გაღიზიანება არ სურს, თუ თანამედროვე მსოფლიოში იმგვარი შეუქცევადი ტურბულენტური პროცესები დაიწყო, რომლის ახსნა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ჭირს?
- მე მაინც იმ აზრისკენ ვიხრები, რომ არაბულ სამყაროში დაწყებული პროცესები არაფერ შუაშია, რადგანაც 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' პროგრამა ევროპელების მხრიდან დიდ ძალისხმევას არ საჭიროებდა. 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' პროგრამა არ იყო იმდენად სერიოზული რამ, რომ შესაძლებელი იყოს თქმა - ევროპამ ჩვენთვის არაბულ ქვეყნებში დაწყებული პროცესების გამო ვერ მოიცალა. 
მე მაინც 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' სამიტის გადადება ჩვეულებრივი რამ მგონია. სამწუხაროდ, 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' პროგრამამ ვერ გააკეთა იმდენი, როგორადაც იყო ჩაფიქრებული. არადა, საუბარი იყო ვიზების გამარტივებაზე, მაგრამ ჩვენ ამ საკითხში რეალურ გარღვევას ვერ ვხედავთ. ფაქტია, რომ ევროკავშირი 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' ფარგლებში დუნედ მუშაობს. ასე რომ, ამ პროგრამის სამიტი მაისში შედგება, თუ სექტემბერში, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს. 
- მედვედევისა და პუტინის მიერ აზრთა სხვადასხვაობის უკვე საჯაროდ დაფიქსირება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ყველა ელოდება, ამ ტანდემიდან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას. მიიჩნევა, რომ საქართველოსთვის აზრი არა აქვს, ტანდემიდან ვინ გახდება კრემლის ერთპიროვნული მმართველი. თქვენც ასე ფიქრობთ? 
- შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ერთი კარგია და მეორე ცუდი, მაგრამ ჩემი აზრით, მათ შორის განსხვავებას აზრი მაინც აქვს. როგორც ჩანს, მედვედევი და პუტინი ვერ თანხმდებიან რუსეთის მომავალზე. მედვედევი უფრო მოდერნიზაციისა და რუსეთის დასავლეთთან დაახლოებისკენ იხრება, ამიტომ ჩვენ საბოლოო ჯამში მაინც მედვედევის ხელმეორედ გაპრეზიდენტება გვაწყობს. სულ მცირე შანსი თუ არის იმის, რომ მედვედევი რუსეთს დასავლეთთან დაახლოებისკენ წაიყვანს და რუსეთი ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მედვედევის გაპრეზიდენტება გვირჩევნია. 
რასაკვირველია, შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ მედვედევი დღეს თუ ხვალ გაიყვანს საქართველოდან რუსულ ჯარებს, მაგრამ როდესაც რუსეთი დასავლეთს დაუახლოვდება, ოდესღაც ესეც მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთის დასავლეთთან დაახლოება იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ პრეზიდენტი კვლავ მედვედევი იქნება და არა პუტინი, რომელმაც დასავლეთთან ომი არაერთხელ წამოიწყო. 
- საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისთვის მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილე ოპოზიციის ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. თქვენი აზრით, არჩევნებთან დაკავშირებით გადადგამს თუ არა ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯს და რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის იმედები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებას კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგებს? კითხვა შესაძლოა, ასედაც დაისვას - ოპოზიციაში პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკური სპექტრი გამოიკვეთა, იმავეს მოლოდინი შეიძლება გვქონდეს თუ არა სახელისუფლო გუნდთან მიმართებაში?
- ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას არ უნდა, იოლად დათმოს ბევრი რამ, მაგრამ ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ასე მოიქცეოდა. ოპოზიციას მართებს, სწორედ ასე შეხედოს არსებულ ვითარებას, ვინაიდან ეს სრულიად ლოგიკურია. იმაზე საუბარს, რომ დასავლეთი ჩაერევა და აიძულებს ხელისუფლებას დათმობებზე წასვლას, მგონი, აზრი არა აქვს. 
ჩემი აზრით, მოლაპარაკება სხვა გზით უნდა წარიმართოს. მე მაინც მგონია, რომ ამ დიალოგში ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისს მაინც მიაღწევენ. ოპოზიციაში და ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ ჯანსაღ ძალებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია. ასეთი ძალები კი არსებობენ. კომპრომისი მიღწევადია თუნდაც იმიტომაც, რომ ეს ორივე მხარეს სჭირდება. მაგრამ, ისევ გავიმეორებ უკვე ნათქვამს - ხელისუფლება თავისი პოზიციების იოლად დამთმობი თუნდაც იმის გამო არ არის, რომ მისთვის მომგებიანი პოზიციების შექმნას ოდესღაც ბრძოლით მიაღწია. 
- ჩემი აზრით, თუ რას დათმობს ხელისუფლება, ოპოზიციაზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ ოპოზიციას ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისკენ წაყვანა სურს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება დათმობებზე წავა. ხელისუფლებაში არიან ჯანსაღი ძალები, მათ სურთ ოპოზიციაში დაინახონ ისეთი ძალები, რომელთა თვითმიზანი არ არის, როგორც გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლა, ისე ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა. ხელისუფლებას ისეთი ოპოზიციის დანახვა სურს, რომელიც ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების, მმართველი გუნდის ნელ-ნელა ჩანაცვლების და ოდესღაც კოალიციური მთავრობის შექმნის მომხრე იქნება. ჩემი აზრით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება და ოპოზიციაში ისეთ ძალებს ეძებს, ვინც თანახმა იქნება, რომ ქვეყანაში ცვლილებები ნელ-ნელა მოხდეს, მაგრამ იმავდროულად ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels