Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ხვალ, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინაუგურაციაა

15 მაისს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინაუგურაციაა დანიშნული. ასე, რომ ელისეის სასახლეში ქვეყნის სოციალისტი ლიდერი უკვე ოფიციალურად დაიდებს ბინას. მაინც რამ განაპირობა ფრანსუა ოლანდის გამარჯვება ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში? ანალიტიკოსთა მოსაზრებით, მისი არჩევა საფრანგეთში სოციალური სისტემის მდგრადობის მაჩვენებელია. პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა დასავლეთის სახელმწიფოებში პერსონალიებს სრულებითაც არ უკავშირდება და ის, რომ, სარკოზის ნაცვლად ოლანდი მოვიდა, ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ  ცხოვრებაზე მთლიანობაში დიდად არ აისახება.

უნდა ითქვას, რომ სარკოზი ფრანგთა დიდი ნაწილისთვის მეტისმეტად ექსტრავაგანტური აღმოჩნდა. მან ფაქტობრივად ქვეყანა ლიბიასთან ომში ჩაითრია, თან ქვეყნიდან ბოშების დეპორტაციასაც ეწეოდა, ხან მემარჯვენეებს კიცხავდა, ხანაც პირიქით, წაეთამაშებოდა მათ. მის დროს, ქვეყანაში სერიოზულ ნაციონალურ და სოციალურ მღელვარებებსაც ჰქონდა ადგილი, ტერაქტებიც მოხდა და ა.შ.. ამიტომაც, საბოლოოდ ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ სარკოზისთან ერთად  ხვალინდელი დღის რწმენის იმედი არ უნდა ჰქონდეთ  და პრეზიდენტის პოსტიც სოციალისტ ოლანდის გადაულოცეს, რაც, მთლიანობაში საფრანგეთის ცხოვრებაში მემარცხენე ტენდენციების გაძლიერებაზე მიუთითებს. ერთ რამესაც უნდა გავუსვათ ხაზი.

სარკოზის პოლიტიკური მოწინააღმდეგენი ჩვენთვის მეტად მნიშნელოვანი, საქართველოს საკითხის ბოლომდე გადაუწყვეტლობის გამოც აკრიტიკებდნენ. მართლია, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შეჩერებაში, სარკოზიმ დადებითი წვლილი ნამდვილად შეიტანა და მედვედევთან ექვსპუნქტიან შეთანხმებასაც მიაღწია, მაგრამ, იგი, საბოლოოდ,  მთლიანობაში მაინც არ შესრულდა. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარები არამხოლოდ გაყვანილი არ არის, არამედ დღემდე იქ მათი ბაზების გაძლიერება მიმდინარეობს. ამ კუთხით, სარკოზიმ მედვედევთან ვერაფერი გააწყო, რამაც ყველა ის პოზიტიური, რაც მან ამ საქმეში გააკეთა, გადაფარა, რასაც უკიჟინებდნენ კიდეც მას ოპონენტები. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის  უმეტესობის მოსაზრებით, სარკოზის ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკამ ვერ გაამართლა, თან მან ვერც სოციალური საკითხების მოგვარება მოახერხა.

ნიშანდობლივია, რომ ეს არჩევნები საფრანგეთის ისტორიაში მეორეა, როცა მოქმედი პრეზიდენტი დამარცხდა, რასაც ხელისუფლების სათავეში სოციალისტების მოსვლა მოჰყვა. მსგავსი ისტორია 1981 წელს მოხდა,  როცა  პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ დესტენი სოციალისტმა, ფრანსუა მიტერანმა ჩაანაცვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის უმაღლესი პირი მაშინაც არჩევნების მეორე ტურმა გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანსუა ოლანდი მზადაა, ინაუგურაციის დღეს ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაც დაასახელოს, ხოლო შემდგომი დღიდან უკვე მთავრობის ფორმირება დაიწყება. „მთავრობის ფორმირება, ეჭვსგარეშეა, მოხდება თანამდებობის  დაკავების მეორე დღიდან', - დააზუსტა ფრანსუა ოლანდმა.

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels