Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვალერი გელბახიანი: ივანიშვილი, პატარკაციშვილთან ერთად აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას

 

ძებნილობიდან  ქვეყანაში ახლახან დაბრუნებული ვალერი გელბახიანი, „პრესა.ჯი'-ს სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. გელბახიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი 2007 წელს, ბადრი (არკადი) პატარკაციშვილთან ერთად აპირებდა ხელისუფლებაში მოსვლას, თუმცა გადაიფიქრა. ამ განცხადების ფონზე კი, ოლიგარქის განცხადება, ექსპრომტად გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, რადგან ჩემი სამშობლოსთვის მეშველაო, ფარსი გამოდის. გელბახიანი ჩვენთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ ამ საკითხზე, ორ ოლიგარქს შორის შეხვედრაც შედგა. თავის პოლიტიკურ გეგმებსა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, მისი მისამართით გახმოვანებულ ბრალდებებზე „პრესა.ჯი'-ს ვალერი გელბახიანი ესაუბრა.

- თქვენი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ გეგმავთ პოლიტიკაში დაბრუნებას,  მაგრამ ამ დროისთვის  თქვენი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არც განიხილება, ვინაიდან ამის უფლება არ გაქვთ...

- საქმე იმაშია, რომ საარჩევნო კანონმდებლობას აქვს ცენზი დაწესებული. პრეზიდენტზეც, დეპუტატზეც და თვითთმართველი ერთეულის წარმომადგენელზეც, სხვადასხვა ვადებია დადგენილი ქვეყანაში ცხოვრების შესახებ. არჩევნებამდე 3 წლის განმავლობაში უნდა მეცხოვრა საქართველოში. ვინაიდან მე არ მიცხოვრია აქ, კენჭისყრის უფლება არ მაქვს არჩევნებში.

ამ დროს საკონსულო აღრიცხვაზე მაინც უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, მაგრამ მე არ ვიყავი აღრიცხვაზე, ვინაიდან ძებნილი ვიყავი.

- როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- ველოდები გამოძიების დასრულებას. ვიდრე ეს პროცესი არ დასრულდება, მე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა მაქვს. იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება სისხლის სამართლებრივი წარმოება, ან სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, მე მაქვს უფლბა მივმართო სასამართლოს ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ეს ვადა ჩამითვალონ გარემოებად.

- არსებობს ამის თეორიული ან პრაქტიკული შანსი?

- კი, რა თქმა უნდა. თეორიული შანსიც არსებობს და პრაქტიკულიც. სამწუხაროდ, ჩემზე არცერთი არაა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ სიმართლეს მივაღწევ, რადგან დანაშაული არა მაქვს ჩადენილი და არც მტკიცებულებაა ისეთი, რომელიც ჩემ დანაშაულს დაადასტურებს.

- თუკი სასამართლო პროცესი თქვენ სასარგებლოდ დასრულდება და გაგამართლებენ, მიიღებთ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?

- რა თქმა უნდა, მივიღებ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, არ ყოფილა არჩევნები, რომელიც გამომიტოვებია - თვითმმართველობის, საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო. ყველა არჩევნებში ჩემი მხარდამჭერები მყავდა. მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას.

-  „ქართულ  ოცნებაში' თქვენი ქვეყანაში დაბრუნება აღიქვეს ხელისუფლებასთან გარიგებად და ოლიგარქის კონკურენტად გამოგაცხადეს, რატომ?

-  არ ვიცი, ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ აჟიოტაჟი ატყდა არაფრისგან.

- რატომ აღგიქვამენ ოლიგარქის კონკურენტად, რადგან საჩხერეში გყავთ მხარდამჭერები?

- ივანიშვილს მე საჩხერეში არჩევნებს ვერ მოვუგებ. ამის ამბიცია არა მაქვს. თუ თვითონ ბიძინა ივანიშვილი იყრის კენჭს საჩხერეში, მას ვერავინ მოუგებს და ამის ილუზია ნურავის ექნება. თუმცა, თვითონ ვერ იყრის კენჭს. მას აქვს პრობლემა მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამიტომ ის იძულებულია დააყენოს სხვისი კანდიდატურა. გააჩნია პიროვნებას, ვის დააყენებს ის საჩხერეში. ძალიან არასერიოზული იქნება იმის თქმა, რომ ვინც არ უნდა დააყენოს, ყველა მოიგებს. იქ ხელისუფლებასაც აქვს თავის რესურსი ადგილზე, მეც მიყავს ჩემი ელექტორატი. რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკური ინტერესები იქნება გამოხატული, მოვუწოდებს ხალხს მხარდაჭერისკენ.

-  სოსო ცინცაძემ „ქართული ოცნების' მიერ თქვენდამი  გაკეთებული განცხადებები ასე შეაფასა: თუკი ივანიშვილი ფიქრობს, რომ საჩხერეში მას ვალერი გელბახიანი მოუგებს, ის ახლავე უნდა წავიდეს პოლიტიკიდან...

- გაბრაზებულები არიან ჩემზე და ამის გამო. მე თავიდანვე ივანიშვილი ვურჩიე, რომ აქცენტი არ გაეკეთებინა „რესპუბლიკელებზე'. ის უნდა გამხდარიყო საერთო ოპოზიციური ლიდერი და შემოეკრიბა გარშემო ოპოზიციური პარტიები და  საზოგადოებრივი მოძრაობები. მაგრამ მან დაუშვა შეცდომა. შექმნა პოლიტიკურ სპექტრში ერთი ბანაკი. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია სლოგანი - შუა 'გაიკრიფოს'. მე არ მესმის ამ კომუნისტური ფრაზების. რადგან ეს ღიად გავახმოვანე, ჩათვალეს, რომ მათი  მოწინააღმდეგე ვარ. თავის თავს თვითონ გაუჩინეს პრობლემა. და თუ პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ ლაპარაკობენ? ესენი ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან და ასე საუბრობენ და ხელისუფლებაში რომ ამ ბანაკიდან ვინმე მოხვდეს, წარმოგიდგენიათ რა დონის დაპირისპირება იქნება?

 -   ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში სრული უმრავლესობით მოსვლას გეგმავს, მოახერხებს?

- ეგ შეკითხვა დაუსვით თავად „ქართული ოცნების' წევრებს.

- ისინი ამბობენ, რომ მოვლენ უმრავლეოსობით...

- მაშინ კითხეთ, დავუშვათ და არ დაგიჭირათ ქართველმა ხალხმა მხარი, 20 %ით მიიღეთ, შეხვალთ პარლამენტშიო? - კითხეთ. მე ჩემი პროგნოზი ვთქვი. ქართველი ხალხი არ არის ერთიანი სულისკვეთებით გაჩენილი - სხვადასხვა აზრი აქვს. ხელისუფლებასაც აქვს რესურსი. მე არ ვამბობ, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ რესურსი აქვს ისეთი, რომ სხვას ერთად აღებულს სჯობს. ამიტომ ეს მე მაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩემი გამოთვლები გავაკეთო. 25 პროცენტი არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიიღოს „ქართულმა ოცნებამ'. ხელისუფლებასაც შეიძლება გაუჭირდეს უმრავლესობის აღება, მაგრამ 45% -ს აიღებს მმართველი გუნდი. დანარჩენები გადალახავენ ბარიერს. ამის მიზეზი ის არის, რომ გამოკითხვებში საკმაოდ მაღალი პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას. ეს არაა ცოტა რაოდენობა. 

-  არჩილ კბილაშვლმა განაცხადა, ადამიანი პოლიტიკაში მაშინ უნდა მოვიდეს, როცა მატერიალური მდგომარეობა მოწესრიგებული აქვსო. ეს განცხადებები ნიშნავს ერთგვარი ცენზის დაწესებას პოლიტიკურ ცხოვრებაში?

-  ამის გაცხადება დიდი შეცდომაა. მე ბევრჯერ მითქვამს, თუ გაქვს პრეტენზია არჩევნების მოგების, მოიგე, მაგრამ ნუ მიკრძალავ აზრი გამოვთქვა, ნუ მიკრძალავ იმას, მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. დირექტივებს ნუ იძლევი, როცა არა ხარ ხელისუფალი. არც ხელისუფლების გუნდის წევრისგან გაკეთებული მსგავსი განცხადებაა პოლიტიკური ტაქტიკა. მე მგონია, რომ ეს ემოციების გამოძახილია. ჯერჯერობით, ეს ოცნება არ არის დახვეწილი და ჩამოყალიბებული. ვაცადოთ, იქნებ დახვეწონ, დაიწურონ ისეთნაირად, რომ სრულყოფილი სახით აჩვენონ საკუთარი თავი საზოგადოებას.

- როდესაც პატარკაციშვილი პოლიტიკაში წავიდა, ბიძინა ივანიშვილთან თუ ჰქონდა რაიმე სახის ურთიერთობა, პირადი ან ბიზნეს ურთიერთობა?

- იყო თავის დროზე შეთავაზებები, რომ ორივე გაერთიანებულიყვნენ და ერთად მოსულიყვნენ პოლიტიკაში. ამის სურვილი ორივე მხარეს ჰქონდა.

ივანიშვილმა გაახმოვანა მაშინ პოლიტიკაში მოსვლის იდეა?

- ინიციატივა ვისი იყო, არ ვიცი. სურვილი იყო. ამაზე საუბარიც შედგა, იყო შეხვედრაც, მაგრამ იდეა, რაც ჩაფიქრებული იყო მუშაობის პროცესში, არ განხორციელდა. 

- გამოდის, ივანიშვილმა თქვა უარი და გადაიფიქრა, ვინაიდან ბადრი პატარკაციშვილმა მაშინ გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლაზე

- არ ვიცი დეტალები, ნამდვილად ვერ გეტყვით. 

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels