Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> კახა გოგოლაშვილი: ისრაელის მიერ საქართველოს საშიში ქვეყნების სიაში შეყვანა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი ისრაელის მიერ საქართველოს საშიში ქვეყნების ნუსხაში შეყვანას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და მას ქართველი სამართალდამცველების მიერ ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას უკავშირებს.

'მგონია, რომ ისრაელის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ის ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას უკავშირდება. როგორც წესი, სახელმწიფოები საკუთარ მოქალაქეებს იმ ქვეყნებში ჩასვლისგან ურჩევენ თავის შეკავებას, სადაც მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის, კრიმინოგენული ვითარებაა და სხვადასხვა სახის ისეთი რისკები არსებობს, როგორიცაა ომი, ინტერვენცია და ა.შ. საქართველოში ამ თვალსაზრისით, დღესდღეობით, არ არის ისეთი ვითარება, რომ ის საშიში ქვეყნების სიაში შეიყვანო. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება', - განუცხადა კახა გოგოლაშვილმა 'ჯი-ეიჩ-ენს'.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა საქართველო საშიში ქვეყნების ნუსხაში დააბრუნა. ქვეყნის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში შედის, საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა პასექის დღესასწაულის წინა დღეებში საქართველოსა და სომხეთში გამგზავრებისაგან თავი შეიკავონ. შტაბის აზრით, ამ ქვეყნებში არსებობს საფრხე იმისა, რომ ისრაელის მოქალაქეებს 'ჰეზბოლას' ან 'ჰამასის' ტერორისტები მოიტაცებენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ისრაელის მიერ საქართველოს საშიში ქვეყნების სიაში შეყვანას წინ უძღვოდა ქართველი სამართალდამცველების მიერ ებრაელი ბიზნესმენების: რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს დაკავება, რომელთა გათავისუფლებაც თელავივი სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს ორი კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით. ბიზნესმენები დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამოცხადდნენ, რაც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემას ითვალისწინებს. ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.

 

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels