მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ბმულები >> ყარამან ქუთათელაძე - სრული აბსურდია საუბარი, თითქოს ჩვენგან 'შავი ლომი' ვინმემ ოფიციალურად შეიძინა

ყარამან ქუთათელაძე უარყოფს 'რუსახრანკულტურას' ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკო ფიროსმანის 'შავი ლომი' ამჟამინდელმა მფლობელმა ოფიციალურად ქუთათელაძეებისგან შეიძინა. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' აპოლონ ქუთათელაძის შვილმა განუცხადა, 1993 წელს ნახატის გატაცების შემდეგ, არც ნახატი უნახავს და მათ ოჯახში არავინ მისულა ნახატის ოფიციალურად შეძენის სურვილით.
'ათასგვარი ხალხი მოსულა ჩვენთან ნახატთან დაკავშირებით, მაგრამ გატაცების შემდეგ ნახატი საერთოდ არ მინახავს და სრული აბსურდია იმაზე საუბარი, რომ თითქოს ჩვენთან ვიღაც იყო მოსული და ნახატი ოფიციალურად შეიძინა. თავი დავანებოთ ყველაფერს და ვიკითხოთ, თუ ასეთი პატიოსანი ხალხია, მაშინ რატომ მალავენ საკუთარ ვინაობას, ვის ხელშია ახლა ნახატი?!', _ განაცხადა ქუთათელაძემ.
ყარამან ქუთათელაძე მოსკოვის მხატვართა ცენტრალური სახლის ანტიკვარული სალონის ორგანიზატორებსაც აკრიტიკებს.
'თუ ასეთი სერიოზული სალონია და ექსპოზიციებსაც ხშირად აწყობს, რატომ არ დაინტერესდა მისი ორგანიზატორი ნახატის წარმომავლობით. ნუთუ ასე გაუჭირდათ იმის გაგება, რომ ნახატი გატაცებამდე აპოლონ ქუთათელაძის ოჯახს ეკუთვნოდა?!' - აღნიშნა ყარამან ქუთათელაძემ. 
18 აპრილს, 'როსახრანკულტურის' ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ პეტრაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის ანტიკვარულ სალონში გამოფენილი ნიკო ფიროსმანის ნახატი 'შავი ლომი' კანონიერ საფუძველზე ამჟამინდელ მფლობელს ეკუთვნის. პეტრაკოვის თქმით, ამჟამინდელმა მფლობელმა ნახატი ოფიციალურად ქუთათელაძეების ოჯახისგან შეიძინა, თუმცა რუს ჩინოვნიკს მფლობელის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. 
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის მოსკოვში გამოფენის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეარხმა 'როსია 24'-მა ანტიკვარული ექსპონატების გამოფენას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. ექსპონატებს შორის 'შავი ლომი' აღმოჩნდა. 
ქუთათელაძეების ოჯახის მტკიცებით, ნახატი მათი სახლიდან 1993 წელს ყაჩაღურად გაიტაცეს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები