მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> საქართველოს შესახებ >> ისტორია

ქვეყნის სახელწოდება - საქართველო, მომდინარეობს ისტორიული მხარის - ქართლის სახელიდან. გეოგრაფიულად საქართველო იყოფა ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. ვითარებიდან გამომდინარე, არსებობდა ორი კულტურა დასავლეთ ქართული - კოლხური და აღმოსავლეთ ქართული - იბერიული. ფარნავაზმა ძვ.წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე შექმნა პირველი აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფო - ქართლის სამეფო. ამის შემდეგ IV საუკუნემდე ქართლში მეფობს ფარნავაზიანთა დინასტია. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის. ქართული საისტორიო ტრადიცია ქართული დამწერლობის შექმნას მეფე ფარნავაზს მიაწერს, ქრისტეს შობამდე III საუკუნეში. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება უკვე I საუკუნიდან დაიწყო. ქრისტიანობა აქ იქადაგეს ქრისტეს მოწაფეებმა: წმ. ანდრია პირველწოდებულმა, წმ. სვიმონ კანანელმა და წმ. მოციქულმა მატათამ. მე-4 საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო (კაბადოკიელი), რომელიც ქადაგებდა ქრისტიანობას, მეფე მირიანმა 326 წელს სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა. ამ პერიოდიდან იწყება კულტურული მოღვაწეობაც. უნდა აღინიშნოს, ცნობილი სწავლული-ფილოსოფოსები: პეტრე იბერიელი და იოანე ლაზი. მე-4 საუკუნეში ფაზისში (ფოთი) ფუნქციონირებდა რიტორიკისა და ფილოსოფიის სკოლა. ითარგმნებოდა უძველესი წიგნები და ხელნაწერები. მე-5 საუკუნეში შეიქმნა 'შუშანიკის წამება', ხოლო მე-6 საუკუნეში 'ევსტატე მცხეთელის მარტვილობა'. მე-5 საუკუნეში ქართლს ისევ შემოესივნენ სპარსელები, ამ დროს მეფობს ვახტანგ გორგასალი, მისი სახელი ასოცირდება საეკლესიო რეფორმებსა და დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანასთან. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდად უდავოდ ითვლება XI-XII საუკუნეები. როდესაც, 1089 წელს მეფე გიორგი II გადადგა ტახტიდან და თავისი ადგილი დაუთმო 16 წლის ვაჟს დავითს. დავით IV იყო უდიდესი პოლიტიკური ფიგურა და რეფორმატორი, მას მადლიერმა ქართველმა ერმა აღმაშენებელი უწოდა. 1103 წელს მან შეკრიბა მთელი საქართველოს ეკლესიათა წინამძღვარები და I საეკლესიო კრება მოიწვია, რომელიც ისტორიაში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელით შევიდა. შეიქმნა რეგულარული ჯარი. დავითმა დაამარცხა თურქები და განდევნა ისინი ქართული მიწიდან. მან ჩრდილოეთიდან ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი ჯარის გაზრდის მიზნით, დასაჯა უღირსი და მოღალატე თავად-აზნაურები და თანამდებობზე დანიშნა ქვეყნის ერთგული და პატრიოტი პირები. 1184-1213 წ.წ. საქართველოს სამეფოს აღორძინება გაგრძელდა თამარის მეფობის პერიოდში. საქართველო არა მხოლოდ იგერიებდა თურქი დამპყრობლების შემოსევებს, არამედ ამარცხებდნენ მათ და აძევებდნენ ამიერკავკასიის სამეფოებიდან. აღსანიშნავია შამქორის (1195) და ბასიანის (1202) ბრძოლები. თამარის მეფობის პერიოდში საქართველო გახდა უძლიერესი სახელმწიფო მცირე აზიაში. XI-XIII საუკუნეებში საქართველოში 'ოქროს ხანა' დადგა. ამ დროს დაიწერა შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემა 'ვეფხისტყაოსანი'. მე-13 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს მონღოლთა ურდოები შემოესია. ქვეყნის იმდროინდელი ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. ეკონომიკა განადგურდა, აყვავებული ქალაქები დაინგრა. 1386-1403 წ.წ. თემურ-ლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს. ქვეყანა ნანგრევებად იქცა, განადგურდა პროვინციები, საირიგაციო არხები, გაჩანაგდა სოფლის მეურნეობა. მოსახლეობა გაიხიზნა მთაში. მუდმივი შემოსევების შედეგად დაუძლურებული სახელმწიფო დაშლისკენ მიიწევდა. ეკონომიკურმა დაღმასვლამ და ფეოდალთა ორგულობამ საქართველო დაანაწევრა და სამფლობელოებად დაყო.  ქვეყანა დაიშალა კახეთის, ქართლის და იმერეთის სამეფოებად. მე-18 საუკუნეში მეფე ვახტანგ VI  შეეცადა ქვეყანა გამოეყვანა ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსიდან. 1709 წელს დააარსა პირველი ქართული სტამბა, ანთიმოზ ივერიელის დახმარებით, სადაც 1712 წელს დაიბეჭდა პირველი 'ვეფხისტყაოსანი'. 1723-1735 წელს თურქი დამპყრობლები ისევ შემოესივნენ საქართველოს. 1744-1798 წ.წ. ერეკლე II, 'პატარა კახი' ავიდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს ტახტზე. მან ენერგიული ნაბიჯები გადადგა საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის. ვინაიდან ერეკლე II საკუთარი ძალებით ვერ შეძლო ქვეყნის დაცვა დამპყრობლებისგან, მან გადაწყვიტა მიემართა ერთმორწმუნე რუსეთისთვის და მისი მხარდაჭერა მოეთხოვა. 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც 'გეორგიევსკის ტრაქატატი' ეწოდა. ტრაქტატის თანახმად, ქართველი მეფეები ცნობდნენ რუსეთის იმპერიის ძალაუფლებას, მაგრამ რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო საქართველოს შინაურ საქმეებში. ძალიან მალე ქართლ-კახეთის ბედი გაიზიარა იმერეთის სამეფომ და სამეგრელოს სამთავრომ. 1891 წელს საქართველო მთლიანად მოექცა რუსეთის იმპერიის კლანჭებში. რუსები უგულველყოფდნენ ქართველთა ტრადიციებს და ჩვევებს, ცდილობდნენ ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ქართული ენა, კულტურა. თითქმის ყველა მონასტრის უძველესი ფრესკები თეთრად გადაიღება. კათოლიკოსის წოდება გაუქმდა, მასთან ერთად გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წელს თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დროებითი მთავრობით. საქართველოს ეკლესიამ მარტში აღიდგინა ავტოკეფალია და აირჩია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი. 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რომლის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია. 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს ხელისუფლება დე-ფაქტოდ ცნო ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ და იაპონიამ. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა თბილისში, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მე-20 საუკუნის 30-იან -80იან წლებში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი საქართველოში.    

government.gov.ge

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები