მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> საქართველოს შესახებ >> უახლესი ისტორია

საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისაკენ. ამ პროცესს დიდწილად ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია. საბჭოთა საქართველოს არსებობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებმა. არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა 'მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო', მას სათავეში ედგა ზვიად გამსახურდია. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაუბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 26 მაისი  - საქართველოში გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 87% მოიპოვა ზვიად გამსახურდიამ და იგი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. 9 აპრილის მოვლენებს დიდი გამოძახილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წლის მეორე ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები: ინტელიგენციის ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დაპირისპირებამ მეტად მწვავე ხასიათი მიიღო დეკემბრის ბოლო დეკადაში, საქართველოში გაჩაღდა სამოქალაქო ომი. 1992 წლის 6 იანვარს ზ. გამსახურდია თავისი მომხრეებით იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. 2 თვის მანძილზე ქვეყანა იმართებოდა ე.წ. 'სამხედრო საბჭოს' მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანების 'მხედრიონის' ლიდერი ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში ქვეყანაში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე, იგი სათავეში ჩაუდგა 'სამხედრო საბჭოს'. 1993 წელს უკვე დე ფაქტოდ დაკარგულ სამხრეთ ოსეთის რეგიონს (სამაჩაბლოს) დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის საჯარისო დანაყოფებისა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კონფედერაციის მხარდაჭერით და უშუალო დახმარებით გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოსთან და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მსოფლიო აღიარება ვერ მოიპოვა, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთმა. 1995 წელს მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუცია. ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ე. შევარდნაძე, ის საქართველოს ხელმძღვანელობდა 2003 წლის 23 ნოემბრამდე. 1999 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, გამარჯვება მოიპოვა სახელისუფლებო პარტიამ 'საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა'. 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მასობრივი გაყალბების მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ბლოკი 'ახალი საქართველოსთვის'. რის გამოც 2003 წლის 4 ნოემბრიდან საქართველოში დაიწყო მშვიდობიანი მასობრივი გამოსვლები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. 22 ნოემბერს, 2 ნოემბერს არჩეული ახალი პარლამენტის გახსნის დღეს, ვითარება უკიდურესობამდე გამწვავდა -  დილიდან თავისუფლების მოედანი მომიტინგეებმა აავსეს. თბილისის მერიის აივნიდან მათ რიგრიგობით მიმართავდნენ რევოლუციის ლიდერები, რომლებიც მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, აღშფოთებულმა მომიტენგეებმა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობები დაიკავეს. 2003 წლის 23 ნოემბერს კრწანისის სამთავრებო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, ედუარდ შევარდნაძემ პრესის წინაშე გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 97% მიიღო და უპირობო გამარჯვება მოიპოვა. 2004 წლის 25 იანვარს შედგა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. 2004 წლის 17 თებერვალს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს ზურაბ ჟვანია. 2004 წლის 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა სახელისუფლებო ბლოკმა 'ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები'. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კი არჩეულ იქნა ნინო ბურჯანაძე.  2005 წლის 3 თებერვალს ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2007 წლის ნოემბერში შეცვალა ვლადიმერ გურგენიძემ.2008 წლის 5 იანვარს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 52%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59 %-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ბაქრაძე.2008 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გრიგოლ მგალობლიშვილი, ხოლო 2009 წლის 6 თებერვალს - ნიკა გილაური.

government.gov.ge

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები