მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> სტამბოლიდან ოქროს გარეშე

სტამბოლში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, რომლის ბოლო ორმა დღემაც ახალი მედლები მოგვიტანა, მაგრამ გაორებული გრძნობა მაინც გვრჩება - იმის მიუხედავად, რომ ცალკეულმა ძიუდოისტებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს, გული დაგვწყვიტა ოქროს მედლების გარეშე დარჩენამ.

თუკი ინდივინდუალურ შეჯიბრებაში ჩემპიონი არც შარშან გვყოლია, გუნდური ჩემპიონობა ახლა დავკარგეთ.


მოულოდნელი ვერცხლი და იმედიანი 100
შეგახსენებთ, პირველმა ორმა დღემ ერთი მედალი მოგვიტანა - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბეთქილ შუკვანმა ვერცხლი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან მედლების ფავორიტები უფრო ბოლო დღეს გამომსვლელებში გვეგულებოდა და მათაც ჩვენი მოლოდინი მეტ-ნაკლებად გაამართლეს.

ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალი წააგო, კონტინენტის ჩემპიონობას ვერც ამჯერად შესწვდა. სტამბოლში მან ფინალამდეც ვერ გააღწია, 3 წუთსა და 40 წამში რუს კირილ დენისოვთან იპონით წააგო, რაც ამ ორი ფალავნის დაპირისპირების ტრადიციულ შედეგადაა ქცეული.
სამწუხაროა, რომ ლიპარტელიანი დენისოვთან სტაბილურად მარცხდება, არადა, ეს უკანასკნელი სულაც არ არის ბეჭდაუდებელი - ფინალში ბერძენმა ილიას ილიადისმა აუღელვებლად დააიპონა. საქართველოდან წასულმა ილიადისმა (ზვიადაური) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეისთვის ამ წონაში ბადალი არ ჰყავს.

ლიპარტელიანი კი მესამე ადგილისთვის სლოვაკ მილან რანდლს დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებითი დროის განმავლობაში ქულა ვერავინ აიღო და მსაჯებმა მეტი აქტიურობისთვის გამარჯვება ქართველს მიაკუთვნეს. სხვისთვის მესამე ადგილი ეგებ დიდი წარმატება იყოს, მაგრამ ლიპარტელიანისგან ყოველთვის მეტს ველით. სამწუხაროდ, მას ნამდვილად არ უჭიდავია ისე, რომელსაც მისგან ქომაგები ელიან. პირველ წრეში მან პოლონელ კჟიშტოფ ვეგლარცს ორი ვაზარი აართვა, შემდეგ გერმანელი კრისტოფ ლამბერტი დააიპონა, მეოთხედფინალში კი შვედ მარკუს ნიმანზე შარშანდელი ევროპირველობის ფინალში განცდილი მარცხისთვის ჯავრი იყარა. მისი ვაზარის წინააღმდეგ ლიპარტელიანმა ვაზარი და იუკო აიღო.

ამავე წონაში ლაშა გურულმა პირველივე ბრძოლა წმინდად წააგო უკრაინელ ვადიმ სინიავსკისთან.

100 კილოგრამში მოასპარეზე ორივე ქართველი კვარცხლბეკზე ავიდა. ლომერ ჟორჟოლიანმა ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია და იმედი გაგვიჩნდა, რომ ახლა მაინც შეძლებდა გადამწყვეტი ბრძოლის მოგებას. მით უფრო, მეტოქედ არცთუ ცნობილი ბოსნიელი ამელ მეკიჩი ჰყავდა, მაგრამ ჟორჟოლიანმა ფინალი უსახურად ჩაატარა და ქულაც ვერ აიღო, მაშინ, როცა მეკიჩმა ვაზარი და იუკო აართვა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, გზიდან ტურნირის მთავარი ფავოროტი, ჰოლანდიელი ჰენკ გროლი ჩამოიცილა.

პირველ რაუნდში ჟორჟოლიანმა სერბ პრედრაგ ბუდიჩს იოკოთი სძლია, შემდეგ ჩერნოგორიელ ნიკოლა ვულევიჩს სუფთად მოუგო, მეოთხედფინალში ფრანგი სირილ მარე დააიპონა, ნახევარფინალში კი ასევე წმინდად სძლია ჩეხ ლუკას კრპალეკს. ჟორჟოლიანის გამოსვლა ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ. მან ხანგრძლივი ჩავარდნა დაძლია და წონას ერთ-ერთი ფავორიტის რანგში დაუბრუნდა.

იგივე უნდა ვთქვათ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეზე, რომელმაც 90-დან 100 კილოგრამში ანაცვლების შემდეგ ევროპირველობაზე პირველი მედალი მოიპოვა - ბრინჯაოს დაეუფლა.

პირველ წრეში ირაკლიმ იუკოთი სძლია რუს სერგეი სამოილოვიჩს, მეორეში წმინდად დაამარცხა დანიელი ფრედერიკ იორგენსენი, მესამეში კი ლატვიელ ევგენის ბოროდავკოსთან იპონით წააგო. სანუგეშოს პირველ წრეში ცირეკიძემ ებრაელი არიელ ზეევის სუფთად მოუგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ჟორჟოლიანისგან ძლეულ კრპალეკს იუკოთი აჯობა.

მოკლედ, 100 კილოგრამში ქართველები ყველაზე უკეთ წარმოჩდნენ და თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიას ერთმანეთს სწორედ ჟორჟოლიანი და ცირეკიძე შეეცილებიან.

მძიმე წონაში ზვიად ხანჯალიაშვილმა თავისთვის ჩვეული გზა გაიარა - კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა. პირველ წრეში ჰოლანდიელ ლუკ ვერბისთან ორი ვაზარი მიითვალა, იგივე გააკეთა ფრანგ მატიუ ბატელსა და უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოსთან ბრძოლისას და ნახევარფინალში გავიდა. იქ უნგრელ ბარნა ბორთან ილეთი ვერ შეასრულა, მეტოქემ კი ორი იუკო აართვა. მესამე ადგილისთვის ჭიდაობისას ზვიადი პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან იპონზე დავარდა.

მეორე მძიმეწონოსანი ნოდარ მეტრეველი წილისყრამ გაწირა - პირველივე წრეში ბეჭდაუდებელ ფრანგ ტედი რინერს შეხვდა და მხოლოდ წუთი და 15 წამი გაუძლო. რინერი მორიგ ჩემპიონობამდე სულ იპონ-იპონით მივიდა.


ჩემპიონობა უკრაინას დავუთმეთ
ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე გუნდურ შეჯიბრებას დაეთმო, სადაც 12-მა ქვეყანამ იასპარეზა. შეგახსენებთ, ბოლო ხანს გუნდური ჩემპიონატი არა 7, არამედ 5 წონაში (60 ამოღებულია, 100 და მძიმე - გაერთიანებული) ტარდება.

4 ნაკრები წილისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა და იღბლიანთა შორის ჩვენც მოვხვდით. ჩვენი სასტარტო მეტოქე გერმანია იყო, რომელმაც პირველ წრეში მოლდოვას აჯობა. საქართველოს ნაკრებმა გერმანიისას 3:2 სძლია. შალვა ქარდავასა და ნუგზარ ტატალაშვილის გამარჯვებებით პეტერ ზაიზენბახერის გუნდი 2:0 დაწინაურდა, რასაც ავთანდილ ჭრიკიშვილის მარცხი მოჰყვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალი დაუბევა, ბოლო ბრძოლაში კი ზვიად ხანჯალიაშვილი უშანსოდ დამარცხდა.

უკრაინასთან ნახევარფინალი ქარდავას მარცხით დავიწყეთ და ტატალაშვილის გამარჯვებით გავაგრძელეთ. ამას ლევან წიკლაურის წარმატება მოჰყვა და თითქოს ფინალამდე ბევრი აღარაფერი გვაშორებდა - ამისთვის საჭირო იყო, ლიპარტელიანს ვეტერან ვალენტინ გრეკოვისთვის მოეგო. სამწუხაროდ, გრეკოვმა ქართველი იპონით დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი ბრძოლა იოსებ მსხალაძემ დათმო და ფინალში უკრაინა გავიდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესტონელებს 5:0 ვაჯობეთ. საკუთარი ბრძოლები ქარდავამ, ტატალაშვილმა, ჭრიკიშვილმა, ლიპარტელიანმა და ხანჯალიაშვილმა მოიგეს. როგორც ხედავთ, ტატალაშვილმა, რომელიც ინდივიდუალურ ჩემპიონატზე არ გაიყვანეს, გუნდურში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა.

ევროპის ჩემპიონი უკრაინის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთს 3:2 სძლია.


კვარცხლბეკი
კაცები
90 კგ. 1. ილიას ილიადისი (საბერძნეთი), 2. კირილ დენისოვი (რუსეთი), 3. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო), მარკუს ნიმანი (შვედეთი).
100 კგ. 1. ამელ მეკიჩი (ბოსნია), 2. ლომერ ჟორჟოლიანი (საქართველო), 3. ევგენის ბოროდავკო (ლატვია), ირაკლი ცირეკიძე (საქართველო).
+100 კგ. 1. ტედი რინერი (საფრანგეთი), 2. ბარნა ბორი (უნგრეთი), 3. მარტინ პადარი (ესტონეთი), იანუშ ვოინაროვიჩი (პოლონეთი).

ქალები
78 კგ. 1. ოდრი შემო (საფრანგეთი), 2. ლუსი ლუტე (საფრანგეთი), 3. ლუიზე მალცანი (გერმანია), ანა ველენსეკი (სლოვაკეთი).
+78 კგ. 1. ელენა ივაშჩენკო (რუსეთი), 2. ან სოფი მონდიე (საფრანგეთი), 3. თეა დონღუზაშვილი (რუსეთი), ლუსია პოლავდერი (სლოვაკეთი).

გუნდური
1. უკრაინა, 2. საფრანგეთი, 3. საქართველო, გერმანია

ambebi.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები