მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 139 წელი შესრულდა

დღეს, 9 ივნისს, ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 139 წელი სრულდება.

კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი 1872 წელს სოფელ ყვარელში დაიბადა. განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1894 წლიდან იყო ქუთაისის დრამატულ დასში. ამავე წელს დებიუტი ჰქონდა - თბილისში შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში 'პატარა კახი'.

ამის შემდეგ მოღვაწეობდა რუსეთისა და შუა აზიის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ 1904 წლიდან მუშაობდა მხოლოდ როგორც რეჟისორი. 1909 წლამდე მოღვაწეობდა უკრაინის სხადასხვა ქალაქის სცენაზე, შემდეგ ჩავიდა მოსკოვში და კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი გახდა. ამ პერიოდში ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს - მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს. მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1913 წელს დააარსა ე.წ. 'თავისუფალი თეატრი', რომელმაც მართალია მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში იარსება, მაგრამ მარჯანიშვილმა შეძლო სინთეზური თეატრის პრინციპის დამკვიდრება.

1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე დე ვეგას 'ცხვრის წყარო', რომელმაც ქართული თეატრის განახლებას დაუდო საფუძველი. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი, II სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით, რომელიც ორი სეზონის შემდეგ თბილისში გადმოვიდა და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ამ თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ეწოდა. ეს იყო პირველი ქართული თეატრი, რომელმაც ქვეყნის გარეთ - მოსკოვსა და ხარკოვში ჩაატარა გასტროლები.

კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების რიცხვშია: შ. დადიანის 'კაკალ გულში', პ. კაკაბაძის 'ყვარყვარე თუთაბერი', აფინოგენოვის 'შიში', უ. შექსპირის 'ოტელო' და სხვა. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში შილერის 'დონ-კარლოსის' დასადგმელად, თუმცა მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება, 17 აპრილს გარდაიცვალა.

მარჯანიშვილის ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს, ხოლო 1964 წელს ქართულმა საზოგადოებამ მას მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

მისი სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს სოფელ ყვარელში. მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი, დაწესებულია მისი სახელობის პრემია.

'ჯი-ეიჩ-ენი'

 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები