მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ლადო ვარძელაშვილი - ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, 'ევრო 2020'-ის მასპინძლობაზე გეგმებს არ ვცვლით

საქართველო და აზერბაიჯანი, ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით დასახულ გეგმებს არ შეცვლიან. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა. 
მინისტრის განცხადებით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტი იქნებოდა და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილს ათეულობით ქვეყანა გამოთქვამდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასპინძლობის უფლების მოპოვების შანსები არ არსებობს. '2020 წლამდე საკმარისი დროა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ტურნირის მასპინძლობისთვის სათანადოდ მომზადება მოასწროს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის და არავინ არ იცის რა მოხდება. შესაბამისად ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ', - აცხადებს ვარძელაშვილი. 
ამასთან, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველო და აზერბაიჯანი 2020-ის მასპინძლობის უფლებას ვერ მოიპოვებენ, მზადებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აზრი არ დაეკარგება, რადგან განაცხადის შეტანა შემდგომ ევროპის ჩემპიონატზე იქნება შესაძლებელი. '2020 ის შემდეგ ევრო 2024 მოდის. შესაბამისად, როდესაც შანსი მოგვეცემა მას აუცილებლად გამოვიყენებთ', - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა. 
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების საგანაცხადო პროცესი გახსნილად ორი დღის წინ გამოცხადდა. ტურნირის მასპინძლობის მსურველ ქვეყნებს UEFA-ში ოფიციალური განაცხადების შეტანა 26 მარტიდან ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ. 
გუშინ, სტამბულში, UEFA-ს კონგრესის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მასპინძლობის სურვილის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს კიდევ ერთხელ უმასპინძლოს და ამ უფლების მოსაპოვებლად პაექრობაში ჩაებას. 
მოგვიანებით, ერდოღანის განცხადებას UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი გამოეხმაურა და თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. 
თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის გარდა 'ევრო 2020'-ის მასპინძლობის სურვილი ჰოლანდიამ და ბელგიამ, რუმინეთ-ბულგარეთმა, ჩეხეთ-სლოვაკეთმა, ბოსნია-ხორვატია-სერბეთმა და ირლანდია-შოტლანდია-უელსმა გამოთქვეს.
იხილეთ ვიდეო: ლადო ვარძელაშვილი - 'ევრო 2020'-ის მასპინძლობაზე გეგმებს არ ვცვლით

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები