მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> როგორია, როცა საქართველოში ხარ დაბადებული

თამარ შავგულიძის ახალ ფილმს თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ ეს ძალიან რთულია. 'დაბადებულები საქართველოში' გასულ კვირას მხოლოდ ჟურნალისტებსა და კინოკრიტიკოსებს გვაჩვენეს, 'სანგუკოს' ეს ნაწარმი მალევე თბილისური კინოთეატრების ეკრანზე გამოჩნდა. არ ვიცით, ექნება თუ არა ფილმს კომერციული წარმატება, მაგრამ ეს კინოსტუდია კომერციული ფილმების გადაღებით ნამდვილად რომ არ არის დაკავებული, მისმა ხელმძღვანელმა გუკა რჩეულიშვილმაც გვითხრა. 

ახალგაზრდა რეჟისორისთვის ეს სადებიუტო ნაბიჯია და პრესკონფერენციაზე, რომელიც ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა, ის საკმაოდ თავმდაბლად ლაპარაკობდა საკუთარ ნამუშევარზე. 

ფილმის შემქმნელები ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, რომ ეს არის ფილმი აგვისტოს ომზე და გავლენაზე, რომელიც მან ოთხ მეგობარზე იქონია. წყვილებისა და ერთმანეთის მეგობრების როლს ასრულებენ გიორგი გიორგანაშვილი, ვანო თარხნიშვილი, თამარ ბზიავა და ნუცა კუხიანიძე. მათ გარდა ფილმში არავინ ჩანს... ეს, წესით, ცოტა მოსაწყენი უნდა ყოფილიყო და ოდნავ მოსაწყენი არის კიდეც, თუმცა რეჟისორი მაინც ახერხებს მათი ურთიერთობის ჩვენებას, პაუზებით, სხვადასხვა ხერხით ისე, რომ ეს მაყურებლისთვის ძალიან მოსაბეზრებელიც არ გახდეს. ომის კადრები, დოკუმენტური, მხოლოდ დასაწყისში ჩანს. შემდეგ ომი თითქოს ყველგან არის, მაგრამ არც სროლა ისმის და არც დაჭრილ ადამიანებს ანახვებენ. ომი თავისი გავლენებით, დეპრესიით იჭრება ოთხი ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა საქმე ისაა, რომ როცა ფილმს უყურებ, ხვდები, რომ ის დეპრესია, რაც საზოგადოებას აქვს, მხოლოდ ამ ომის გავლენა არ არის და წლებია უკვე ასეთ მდგომარეობაში ვართ, ვცხოვრობთ, ვარსებობთ... ამიტომ 'დაბადებულები საქართველოში' არ არის ფილმი მხოლოდ აგვისტოს ომზე... ეს არის ფილმი ზოგადად ქვეყანაზე, სადაც დავიბადეთ და სადაც მუდმივად არის მიზეზი დეპრესიისთვის.

ჟურნალი 'რეიტინგი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები