მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ჩინეთ - ამერიკა: 132 წლიანი ეკონომიკური ნაპრალი

ჩინეთის, ღარიბი ქვეყნიდან, ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ ძალად ტრანსფორმაციას, ბოლო 31 წლის განმავლობაში, ანალიტიკოსები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ მიღწევად აფასებენ. 1979 წლიდან (მას შემდეგ, რაც ძირითადი ეკონომიკური რეფორმები პირველად განხორციელდა) 2006 წლამდე ჩინეთის რეალური შიდა პროდუქტი წელიწადში საშუალოდ 9.7%-ით იზრდებოდა, ამავე პერიოდში ეკონომიკა 11-ჯერ, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8-ჯერ გაიზარდა. ჩინეთი უკვე არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა აშშ-ის შემდეგ. 

ბოლო წლებში სულ უფრო იმატა იმ საფრთხეზე საუბარმა, რომ ახლო მომავალში შესაძლებელია ჩინეთი ზესახელმწიფოდ მოგვევლინოს. ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მსოფლიო რესურსების დიდ ნაწილს დაეპატრონოს და ამით ამერიკა და დანარჩენი ქვეყნებიც უკან ჩამოიტოვოს. 

ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.75 ტრილიონი აშშ დოლარია. მის წარმატებას 1.3-მილიარდიანი მოსახლეობაც განაპირობებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. აქედან სამუშაო ძალა 775 მილიონი ადამიანია. 2009 წლის მონაცემებით, უმუშევრობა მხოლოდ 4.3% იყო. 2005 წლის დოლარებით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობამ შარშან ჩინეთში 2,800 აშშ დოლარი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი აშშ-ს 1878 წელს ჰქონდა. 2010 წლის მონაცემებით, ამერიკის მშპ 14.66 ტრილიონი დოლარია და ერთ სულ მოსახლეზე 47,132 დოლარს შეადგენს. 308 მილიონიდან სამუშაო ძალა 155 მილიონი ადამიანია, უმუშევრობის დონე კი 2009 წელს 9.5% იყო. ჩინეთის ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკაზე 2.55-ჯერ ნაკლებია, ხოლო საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე - 11-ჯერ ნაკლები. გრაფიკში მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჩინეთისთვის ბოლო 31 წლის განმავლობაში და აშშ-სთვის 1800-1880 წლებში:  გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ ჩინეთის საშუალო ადამიანის ეკონომიკური შესაძლებლობა, სულ მცირე, 132 წლით ჩამორჩება აშშ-ში საშუალო მოქალაქის შესაძლებლობას. აშშ-სგან განსხვავებით, რომლის ეკონომიკამაც 2009 წელს 2.6%-ით დაიკლო, ჩინეთი გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ნაკლებად დააზარალა. მისმა ეკონომიკამ ზრდის მაღალი ტემპი - 9.1% - აჩვენა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა ეკონომიკის მასშტაბური სტიმულირება მოახდინეს. განსხვავება მხოლოდ ვადებშია. ჩინეთმა შედარებით ადრე, 2008 წელს 586 მილიარდი დოლარის ეკვივალენტური თანხა გამოყო ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ამით შეძლო კრიზისის გადავადება, ხოლო აშშ-მ მსგავსი ნაბიჯი 2009 წელს გადადგა და ეკონომიკა 787 მილიარდი დოლარით წაახალისა. თუმცა ამერიკის შემთხვევაში სტიმულირებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ძირითადი განსხვავება ამ ორ ქვეყანას შორის ის იყო, რომ აშშ-ში  ინვესტიციებმა იკლო. კერძო ინვესტიციები 2007-2010 წლებში 409 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო ჩინეთში კიდევ უფრო გაიზარდა და იმავე წლებში 808 მილიარდი დოლარი შეადგინა. რა განაპირობებს ჩინეთში ინვესტიციების ამგვარ ზრდას? პირველ რიგში ის ფაქტი, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ჩინეთი ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკაა, რომელიც ინვესტორებს მომგებიანად შეიძლება მოეჩვენოთ. არჩევანი განპირობებულია ნაკლები დანახარჯების გაღების შესაძლებლობებით, რაც იაფ მუშახელში, მთავრობის მხრიდან ექსპორტის მხარდაჭერასა და უამრავ სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკურ ფაქტორში გამოიხატება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობამ შარშან ჩინეთში 2,800 აშშ დოლარი შეადგინა.გივე მაჩვენებელი აშშ-ს 1878 წელს ჰქონდა.ექსპორტის მხრივ, ჩინეთი 1.5 ტრილიონ დოლარიანი მაჩვენებლით, მსოფლიოს ლიდერია. მას აშშ მცირედით ჩამოუვარდება და გერმანიის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს. ხშირად ისმის ჩინეთის ხელისუფლებისკენ მიმართული კრიტიკა, რომ ისინი, ექსპორტის წასახალისებლად, იენს ხელოვნურად აუფასურებენ, რაც ვნებს ამერიკის ეკონომიკას.  როდესაც იენი უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი მომხმარებელი ნაკლები თანხით მეტ ჩინურ პროდუქციას იყიდის. გრძელვადიანად ვალუტით მანიპულირება ისევ და ისევ ჩინეთის ეკონომიკას შეიძლება დაემუქროს. ჩინეთის მთავრობა თვითონვე აზარალებს ქვეყანას, როდესაც გაცვლითი კურსის მანიპულირებით ეკონომიკის წახალისებას ცდილობს. ადამ სმითს თუ დავუჯერებთ, როცა ქვეყანას იმპორტზე მეტი ექსპორტი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მას ქვეყნის გარეთ მეტი საქონელი და მომსახურება გააქვს, ვიდრე შემოაქვს. დროთა განმავლობაში რესურსების სიმწირემ და ამის გამო გაძვირებულმა ფასებმა შეიძლება თავი იჩინოს. თუ ქვეყანა მხოლოდ ექსპორტს ეწევა, საბოლოოდ იგი რესურსების გარეშე აღმოჩნდება და მხოლოდ ფული დარჩება, ქაღალდის რაოდენობით კი სიმდიდრე ნაკლებად იზომება. 

ტაბულა

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები