მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება

18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალისტებთან და სტუდენტებთან ერთად, სამთავისის საეპისკოპოსო სასახლეში აღმოჩენილ დიდი ქართველი ხუროთმოძღვრის, ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაველის საფლავს მოინახულებს. 
სპეციალისტები შეაფასებენ, სტუდენტები კი გაეცნობიან უკანასკნელ წლებში სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარში განხორციელებულ სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს. 
სამთავისის გუმბათიანი, საეპისკოპოსო ტაძარი სამთავნელმა ეპისკოპოსმა ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელმა 1030 წელსა ააშენა. წარწერებიდან ირკვევა, რომ თავად ილარიონია ტაძრის მაშენებელი. ქართველ ხუროთმოძღვართაგან დღემდე მხოლოდ ილარიონ ყანჩაელის საფლავმა მოაღწია. ჯერჯერობით სხვა ქართველ ოსტატთა საფლავები უცნობია. 
ილარიონი გარდაიცვალა 1056 წელს და დაიკრძალა საგანგებოდ აგებულ ეკვდერში, რომელიც სამთავისის ტაძარს სამხრეთიდან ჰქონდა მიდგმული. წარწერა, რომელშიც მოხსენიებული იყო ილარიონის გარდაცვალების თარიღი 1056 წ. მარი ბროსემ 1848 წელს წაიკითხა, შემდეგ ეს წაკითხვა ჩაასწორა თედო ჟორდანიამ. წარწერა ამოკვეთილი იყო სამთავისის ტაძრის სამხრეთი მინაშენის ინტერიერში, გუმბათოვანი ტაძრის სამხრეთ კედელზე. 
მე-19 საუკუნის 40-50-იან წლებში სამთავისის ტაძარს ჩაუტარდა დიდი სარემონტო სამუშაო, რომელსაც არქიტექტორი ქსავიე რიპარდი ახორციელებდა. ამ არქიტექტორის გადაწყვეტილებით მოინგრა ტაძრის დაზიანებული მინაშენები. ამ დროს დაინგრა ილარიონ სამთავნელის ეკვდერი და კედლიდან მოშალეს 1056 წლით დათარიღებული წარწერაც. 
2009 წელის არქეოლოგიური სამუშაოების დროს, როდესაც სამთავისის სამნავიანი ადრე შუასაუკუნეების ბაზილიკის ჩრდილოეთი ნავის დასავლეთ მონაკვეთი ითხრებოდა, გადაწყდა ილარიონ სამთავნელის ეკვდერის საძირკვლის მოშლაც, რადგან მას აღარც მხატვრული და არც ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა. შედეგად მთლიანად გამოვლინდა ბაზილიკის ჩრდილოეთი კედელი. გათხრების შედეგად კი ბაზილიკის კედელში აღმოჩნდა ერთი საფლავი, რომელიც რიპარდის მიერ მონგრეული ეკვდერის იატაკში იქნებოდა მოწყობილი, ეს საფლავი სწორედ ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოსის განსასვენებელი უნდა იყოს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები