მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> დღეს მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 'აღდგომიდან ამაღლებამდე' გაიხსნება

 

დღეს, 27 აპრილს, მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 'აღდგომიდან ამაღლებამდე' გაიხსნება, რომელიც ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის შერიგებას მიეძღვნება. ფესტივალი 27 აპრილიდან 2 ივნისამდე გასტანს.

როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, ფესტივალი განსაკუთრებული იქნება, რადგან 1-ელ მაისს პატრიარქის ახალი ნაწარმოების _'სანქტუსის' პრემიერა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალაკონცერტზე შედგება.

'კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა, გალაკონცერტისთვის ბილეთების ნაწილი გაიყიდება და შემოსული თანხა ქველმოქმედებას მიეძღვნება. კერძოდ, მთელი თანხა ჩაირიცხება ნოდარ ანდღულაძის იდეის განხორციელებისთვის, რაც თოჯინების ოპერის შექმნას ითვალისწინებს. ბავშვები ამით მაღალგემოვნებიანი მუსიკის მოსმენას შეეჩვევიან',_აღნიშნა ჟვანიამ 'ჯი-ეიჩ-ენთან' საუბრისას.

მისი თქმით, გალაკონცერტები იგეგმება ზუგდიდსა და გორში, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ძირითად ნაწილს მოწყვეტილ ჩვენს თანამემამულეებს მიეძღვნება.

'ამით მათ გზავნილს ვუგზავნით, რომ არა მხოლოდ ტერიტორიები, პირველ რიგში, თავად ისინი გვჭირდებიან. მათ გარეშე ტერიტორიებს აზრი არ აქვს,'_ აღნიშნა ჟვანიამ.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას თქმით, ფესტივალი აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში თბილისში დაიწყება. 27-30 აპრილს კონცერტები კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 1-ელ მაისს_თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ჩატარდება გრანდიოზული გალაკონცერტი.

კონცერტზე პირველად შესრულდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ახალი მუსიკალური ნაწარმოები 'სანქტუსი', რომელიც შექმნილია ოთხი სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისთვის.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვევიან ცნობილი პიანისტები ვლადიმერ ფელცმანი (აშშ), სერგეი ბაბაიანი(აშშ), მომღერალი ტეჰილა ნინი გოლდშტეინი (ისრაელი).

'სანქტუსის' შესასრულებლად კი სამშობლოში სპეციალურად ჩამოვლენ ანიტა რაჭველიშვილი, ლადო ათანელი, შალვა მუქერია და სხვანი.

ფესტივალი 2 ივნისს ამაღლების დღესასწაულზე ბათუმში დასრულდება.

ფესტივალში მონაწილეობას 400-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, არიან უცხოელი და საზღვარგარეთელი და საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები, ორკესტრები, ანსამბლები და საგუნდო კოლექტივები.

შეგახსენებთ, 2006 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა აკაკი რამიშვილის ფონდ_ტრადიცია და ინოვაციასთან' ერთად მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დააარსა საერთაშოერისო ფესტივალი 'აღდგომიდან ამაღლებამდე', რომელიც 2006-2010 წლებში ჩატარდა.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები