მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აზერბაიჯანში ივანიშვილის მოლოდინი არ გამართლდა

ბრიუსელის შემდეგ მეორე ოფიციალური ვიზიტით პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეზობელ აზერბაიჯანში იმყოფება.

ივანიშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი დახვდა. შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, 'საპატიო დაკრძალვათა' ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

საქართველოს დელეგაციაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე. ოფიციალური პირების გარდა, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი.

ივანიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან 'ზაგულბას' სასახლეში გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგორესურსების ექსპორტის თემას.

ივანიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს.

აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულებამდე გაირკვა, რომ ბუნებრივი აირის შემცირების შესახებ საქართველოს მთავრობის მოლოდინი გადაჭარბებული იყო. კახა კალაძე აზერბაიჯანში გამგზავრებამდე საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ტარიფის საკითხები აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ დაზუსტდებოდა. თუმცა, როგორც ბაქოში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს ძალიან იაფად ყიდულობს. 'საქართველოში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დამისვა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანიდან გაზს 145 დოლარად ვყიდულობთ. ამ საკითხზე ალიევმა განმიმარტა, რომ გაზს აზერბაიჯანში 130 დოლარად ყიდიან. გამოდის, რომ 130 დოლარად მათივე ქვეყანაში იყიდება გაზი, ჩვენ კი 145 დოლარად გვაძლევენ, რისთვისაც მათ მადლობა გადავუხადე. ტარიფის მცირედით შემცირების გზები საქართველოში უნდა ვეძებოთ,' - განაცხადა ივანიშვილმა.

ვითარება არც 'ყარსი-ახალქალაქის' რკინიგზის საკითხზე შეცვლილა. ბაქოში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე კითხვები რეალურად არც არსებობდა. 'კითხვის დასმა არ დამჭირვებია. შეიძლება, დასვა კითხვა, რომელსაც მერე თავად გასცემ პასუხს და ჩემს შემთხვევაში ასეც მოხდა. მე დავსვი კითხვა აღნიშნული რკინიგზის შესახებ ეკონომიკურ კონტექსტში და შემდეგ თავადვე ვუპასუხე: ახალი რკინიგზის გაშვებამდე ერთი-ორი თვით ადრე ამ საკითხებს ჩვენ თვითონ მოლაპარაკებებით შიგნითვე მოვაგვარებთ. როგორც ჩანს, აი, ეს პოლიტიკურად გაუმართავად გამომივიდა და ოპონენტებმა სპეკულაცია დაიწყეს. რეალურად აქ კითხვები არც არსებობდა,' - განაცხადა ივანიშვილმა.

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი ბიძინა ივანიშვილი საკითხს სხვა კუთხით განიხილავდა. პრემიერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მაგისტრალის ამუშავების პირველ ეტაპზე საქართველოსთვის პროექტის ეკონომიკურ ღირებულებაზე კითხვები არსებობს. როგორც ივანიშვილი ამბობდა, მას შემდეგ, რაც ახალი რკინიგზა, არსებული გეგმის მიხედვით, 2013 წლის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში შევა, მოქმედ რკინიგზას შესაძლოა, ტვირთბრუნვა შეუმცირდეს და შედეგად საქართველოს შავი ზღვის პორტებში ტვირთბრუნვა შემცირდეს. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, რეგიონში ეკონომიკა იმდენად განვითარებული არ არის, რომ საქართველოს რკინიგზის გამტარიანობა მთლიანად იყოს ათვისებული, რაც არც 2-3 წელიწადშია მოსალოდნელი. 'მშენებლობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ტვირთების გადანაწილების საკითხი დასარეგულირებელია,' - ამბობდა ივანიშვილი.

ბაქოში მყოფი ირაკლი კოვზანაძე აღნიშნავს, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა არსებული გრაფიკით გაგრძელდება. მისი თქმით, ამ რკინიგზის საშუალებით დამატებით 10 მილიონი ტონა მშრალი და თხევადი ტვირთები გაივლის. როგორც კოვზანაძე დასძენს, ტრანსმაგისტრალი საქართველოს ბიუჯეტისთვის უზარმაზარ შემოსავლებს მოიტანს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 'ყარსი-ახალქალაქის' რკინიგზა დიდი სტრატეგიული პროექტია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსახორციელებლად. 'მთლიანობაში ტვირთბრუნვის ზრდის დიდი პოტენციალია. ეს რკინიგზა საქართველოს ეკონომიკაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება,' - მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

კახა კალაძემ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის საკითხი დააყენა.

როგორც კალაძე ამბობს, დღეს საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს და სურვილი არის, რომ შესყიდვა აზერბაიჯანიდანაც იყოს შესაძლებელი.

ოფიციალური შეხვედრები გუშინ გაიმართა, დღეს კი არაოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრების შემდეგ დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება.

24 საათი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები