მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აფხაზური ეკლესია რუსეთის გზაზე

აფხაზურ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ერი და ბერი ეკლესია-მონასტრების რუსეთის ეკლესიისთვის გადაცემის საშიშროებაზე ალაპარაკდა.

ამ განზრახვის განმახორციელებლად მათი სულიერი ლიდერი ბესარიონ აპლია სახელდება.

ბესარიონ აპლიას და მისი ქმედებების წინააღმდეგ გამოვიდა ახალი ათონის წმინდა სვიმონ კანა­ნელის მონასტრის მრევლი და თითქმის მთელი აფხაზური საზოგადოება. ასეთი პროტესტის მი­ზეზი ადლერიდან ჩამოყვანილი და ახალი ათონის მონასტერში აპლიას მიერ ახალ წინამძღვრად 'ხელდასხმული' მღვდელი ეფრემი (ვინოგრადოვი) გახდა. მღვდელ ვინოგრადოვთან ერთად აფხაზეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ბერი და სხვა სასულიერო პირი ჩამოვიდა - ოფიციალური ვერსიით, რუსული ბერ-მონაზვნობის ტრადიციის აღსადგენად. გავრცე­ლებული ინფორმაციით, აპლიას თავად უთხოვია რუსეთის პატრიარქისთვის რუსი სასულიერო პირების აფხაზეთში გამოგზავნა, ვინაიდან ამით მან მისი კონკურენტის, ახალი ათონის მონასტ­რის წინამძღვრის, მამა ანდრიას (ამპარის) გზიდან ჩამოცილება განიზრახა.

ანდრია ამპარი ბესარიონ აპლიამ ერთხელ უკვე ჩამოიცილა გზიდან: ხუთი წლის წინ აფხაზეთის ეპარქიის 'თანათავმჯდომარეებად' ბესარიონ აპლია და ანდრია ამპარი დაინიშნენ. რაღაც მაქინა­ციებით აპლიამ მოახერხა აფხაზური ეკლესიის სადავეების ხელში ჩაგდება და ეპარქიის ერთპი­როვნული მართვა. 2009 წელს, ბესარიონ აპლიამ მეტი 'ლეგიტიმურობისთვის' საქართველოს კა­თოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს წერილი გამოუგზავნა და 'დამოუკიდებელი აფხაზეთის მარ­თლმადიდებლური ეკლესიის შექმნისა და მისი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოსვლის' კურთხევა ითხოვა. აფხაზთა სულიერ წინამძღოლს საკუთარი სამწყსოს - ბიჭვინთა-სოხუმის ეპარქიის დამოუკიდებლობის სურვილი რომ არ ამოძრავებდა, მი­სი შემდგომი ნაბიჯებიდანაც გამოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში მან რამდენჯერმე მიმართა რუსეთის პატრიარქს კირილე მეორეს აფხაზური ეკლესიის რუსულთან მიერთების შესახებ. რუსმა მღვდელმთავარმა აპლიას თხოვნები არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, უმაღლესი საეკლესიო ორ­დენებით დააჯილდოვა. აფხაზი სულიერი ლიდერის ქმედებებმა აფხაზურ საზოგადოებაში კი­დევ უფრო გააღრმავა ეჭვი აპლიას რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. მით უფრო, რომ ასეთი აზრის არსებობის უფლებას მისი წარსული უხვად იძლევა - ქურდობისთვის ნა­სამართლევი, ქურდული ტრადიციების მიმდევარი, 'რაზბორკების' მონაწილე, 'ზონაზე' დაძმაკა­ცებული ცნობილი რუსი კანონიერი ქურდის ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე 'იაპონჩიკის' წესის ამგე­ბი.

სწორედ ასეთი სულიერი მამის თხოვნით ჩამოსულმა მღვდელმა ეფრემმა (ვინოგრადოვი) ახალ ათონში საეკლესიო მღვდელმსახურების წესის შეცვლა გადაწყვიტა. აფხაზური პრესის ცნობით, 'რუსეთის პატრიარქ კირილის დამოძღვრით, მამა ეფრემმა მონასტრის მღვდელმსახურებიდან ბი­ზანტიური ელემენტების ამოღება მოითხოვა - თითქოს ახალ ათონში გალობა აფხაზურ ენაზე ბი­ზანტიური წყობით მიმდინარეობს. რუსეთის პატრიარქის წარგზავნილებს კი აფხაზური არ სცოდ­ნიათ. ამან ღვთისმსახურების სრული სლავიანიზაცია გამოიწვია. ამასთან, მამა ეფრემმა ეკლესი­ის მსახურთა ჩაცმულობიდან და საეკლესიო ნივთებიდან ბიზანტიური (შესაბამისად, აფხაზური) შტრიხების უარყოფა მოითხოვა.'

აღშფოთებული მრევლი და აფხაზი მღვდელმსახურები ბესარიონ აპლიას ეკლესიის მიზანმიმარ­თულ დაკნინებაში ადანაშაულებენ: 'მამა ბესარიონი ეკლესიიდან აფხაზ სასულიერო პირებს აძე­ვებს და მათ ნაცვლად არააფხაზები მოჰყავს. აფხაზეთის სასულიერო პირების ორი მესამედი არა­აფხაზები არიან. ბესარიონ აპლია აფხაზი ხალხის უჩუმრად აფხაზური ეკლესია-მონასტრების რუ­სეთის საპატრიატქოსთვის გადაცემას ეტაპობრივად აპირებს.'

საუბარია იმ 42 ეკლესია-მონასტერზე, რომელიც 2010 წლის დეკემბერში სოხუმის ხელისუფლებამ 'უსასყიდლოდ და უვადოდ' გადასცა აფხაზურ ეკლესიას.

'როგორც ჩანს, სწორედ ამ ეკლესია-მონასტრების რუსეთისთვის გადაცემას აპირებს ბესარიონ აპ­ლია. ცხადია, რომ აპლიამ საკუთარი განზრახვა ქვეყნის ხელმძღვანელობასაც გააცნო. ამის გასარკ­ვევად აფხაზი სასულიერო პირები 4 აპრილს შეხვდნენ სერგეი ბაგაფშს, რომელმაც, თავის მხრივ, მათ რელიგიური საკითხების მშვიდობიანად, პოლიტიკის ჩარევის გარეშე მოგვარება ურჩია,' - იუწყება აფხაზური მედია.

რუსეთის საპატრიარქო მამა ეფრემისა და რამდენიმე რუსი სასულიერო პირის აფხაზეთში გამწესე­ბის გამო ატეხილ აჟიოტაჟს გაუგებრობას მიაწერს და აცხადებს, რომ ეს დელეგაცია აფხაზეთში ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრის დასახმარებლად გაიგზავნა. თავად აპლია მედიასთან კო­მენტარს არ აკეთებს. მან სოხუმის საკათედრო ტაძარში მისი მომხრე სასულიერო პირების შეკრება გამართა, რომელზეც მომხრეებს მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი ახალი ათონის მონასტრის ბერე­ბისთვის, ხოლო ურჩ მამა ანდრია ამპარისთვის მღვდელმსახურების აკრძალვა მოითხოვა.

თავის მხრივ, 15 მაისს საეკლესიო-სახალხო კრების მოწვევა გადაწყვიტეს აფხაზური ეკლესიის რუ­სიფიკაციის მოწინააღმდეგეებმა. ისინი აფხაზთა სულიერ ლიდერს უნდობლობას უცხადებენ; ახა­ლი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში შეკრებილნი ბესარიონ აპლიას ქმედებებს განიხილავენ და სავარაუდოდ, მისი გადარჩევის საკითხსაც დააყენებენ. მოახერხებს თუ არა მამა ბესარიონი ამჯერადაც თავის დაძვრენას, ეს სოხუმის ხელისუფლებისა და, ზოგადად, რუსული მხარდაჭერის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. აფხაზური საზოგადოება კი, ბესარიონ აპლიას ქმედებებს დიდი ეჭვით უყურებს.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები