მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიზნესმენის მკვლელობას მომღერალ სოსო პავლიაშვილს უკავშირებენ

ინტერნეტ-პორტალი ''გურია ნიუსი'' სკანდალურ მასალას აქვეყნებს და წერს, რომ 2012 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე, 46 წლის ბიზნესმენის ანტონ (ავთო) ადუაშვილის მკვლელობას, რომლის ცხედარიც საკუთარ ავტომობილში იპოვეს, ცნობილ მომღერალს, სოსო პავლიაშვილს უკავშირებენ.

მკვლელობა ამ დროისთვის გახსნილია, აღნიშნული ინფორმაცია შს სამინისტრომ 2012 წლის 12 დეკემბერს გაავრცელა, თუმცა სამინისტროს მკვლელობის დეტალები არ გაუხმაურებია. 

'გურია ნიუსსი' წერს: ''მოკლული ბიზნესმენის ნათესავი დაუკავშირდა, რომელიც გარკვეული მოსაზრების გამო, ვინაობის ანონიმურად დატოვებას გვთხოვს. მისი ინფორმაციით, ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც რუსეთში მოღვაწე მომღერლის სოსო პავლიაშვილის დის ქმარია:

'ჩემი ინფორმაციით, ამ დროისათვის 4 ადამიანია დაკავებული. მათ შორის, ვახო ჩხაპელიაც. ის მკვლელობის უშუალო შემკვეთების განთქმის საფუძველზე დააკავეს. სწორედ ამ ადამიანებმა განაცხადეს თავიანთ ჩვენებებში, რომ 15 ათასი დოლარის სანაცვლოდ ისინი ჩხაპელიამ დაიქირავა. ჩემი ინფორმაციით, დანაშაული ჩხაპელიამაც აღიარა - თქვა, რომ მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ავთო პირადად გააცნო ერთ-ერთ მკვლელს. ვახო ჩხაპელია პანაშვიდებს დაესწრო და ტიროდა ნამდვილი ჭირისუფალივით, მერე კი ავთოს მკვლელობა აღიარა. ავთოს ოჯახს მისი ვერსიის არ სჯერა.'

ოჯახის ახლობლის თქმით, მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან მომღერალი სოსო პავლიაშვილი დგას, რომელთანაც მოკლულს საერთო ბიზნესი ჰქონდა ერევანსა და ხარკოვში.

'რამდენადაც ვიცი, სომხეთში მათ ბენზინის და ცემენტის ბიზნესი ჰქონდათ, ხარკოვში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო. ბუნებრივია, ოჯახი ფიქრობს, რომ ჩხაპელია საკუთარ თავზე იღებს სოსოს დანაშაულს. არანაირი მოტივი ჩხაპელიას არ ჰქონდა, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა მათ შორის.'

სოსო პავლიაშვილი და ავთო ადუაშვილი ბავშვების მეგობრები იყვნენ - ისინი ნახალოვკაში, ხუდადოვის ქუჩაზე ერთ ეზოში გაიზარდნენ.

'სოსო პავლიაშვილი, მომღერალი: სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს. წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ თუ ვნახავდი. ერთად გავიზარდეთ, ერთ ეზოში. მისი სიკვდილით, ფაქტობრივად, ბავშვობა მომიკვდა, ნახევარი ადამიანი ვარ. ძალიან მძიმეა ამ თემაზე ჩემთვის საუბარი.

- ბატონო სოსო, რა ინფორმაცია გაქვთ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს მკვლელობა?

- რომც ვიცოდე, ცხადია, ვერ გეტყოდით. ჩამოდიოდა ჩემთან აქ, ხან ერევანში ვხდებოდით ერთმანეთს, ხან კიევში. მოგეხსენებათ, თბილისში 8 წლის განმავლობაში სულ ორჯერ ვიყავი. ოჯახებით ვმეგობრობდით მე და ავთო. მას თავისი საქმე კარგად გამოსდიოდა და ჰქონდა რესურსი, რომ უფრო დიდი ბიზნესიც წამოეწყო. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა მოხდა თბილისში, ვის დასჭირდა ამის გაკეთება. ავთო ჩემთან რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა.

- თქვენ თქვით, რომ წელიწადში რამდენჯერმე ხვდებოდით. თუ უსაუბრია რაიმე სახის მუქარაზე ან ზეწოლაზე?

- არა, ავთო ისეთი ბიჭი იყო, ვერც ვერავინ გაუბედავდა მაგას. მე რომ დღეს ვისაუბრო, მტერი ჰყავდა თუ არა, არასწორი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ის მტერი არ დაფრთხეს და მიიმალოს. დაველოდოთ გამოძიებას და ვნახოთ, რას იზამენ. რახან ასე მოხდა, ფაქტია, რომ ვიღაც მტრობდა', - ეს ინტერვიუ სოსო პავლიაშვილმა გაზეთ 'პრაიმ-თაიმს' მისცა.

'გურია ნიუსი' თბილისში სოსო პავლიაშვილის დას მაკა პავლიაშვილს დაუკავშირდა. ის აცხადებს, რომ ვერსია, თითქოს მკვლელობის უკან სოსო დგას, სრული აბსურდია და ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს: 'კარგით რა, სხვა ვერაფრით კბენთ ჩემს ძმას და ახალ ზღაპრებს თხზავთ? რომელ ძმას უნდა დის გაუბედურება? ცოტა დააყოლეთ ტვინი, სანამ რამეს იტყვით ხოლმე და ესეთი სისულელე აღარ გაიმეოროთ, ჩემი თხოვნააა. და კიდევ - ცხონებული ავთო ჩვენი ძმა იყო და ჩემი ძმიშვილის ნათლია. ნუ მაწუხებთ თქვენი უაზრო ვერსიებით და ფანტაზიებით, ძალიან გთხოვთ. ვერსიების დონეზე სასამართლო არაფერს განიხილავს. არ გაქვთ უფლება, ადამიანს ცილი დასწამოთ!'

მაკა პავლიაშვილმა უპასუხოდ დატოვა ჩვენი შეკითხვა მკვლელობის მოტივისა და მოკლულსა და მის მეუღლეს, ვახო ჩხაპელიას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ.

'გურია ნიუსის' ჟურნალისტმა ქალბატონ მაკას საკუთარი ტელეფონის ნომერი დაუტოვა და სთხოვა, რომ თუ კი გადაწყვეტდა ვრცელი კომენტარის გაკეთებას, დაგვკავშირებოდა.

მეორე დღეს ჟურნალისტს ტელეფონზე ანონიმური პირი დაუკავშირდა, რომელიც ჯიუტად მოითხოვდა ქალბატონი მაკასთვის ბოდიშის მოხდას, ბოდიშზე უარის შემდეგ კი ის ლანძღვასა და მუქარაზე გადავიდა: 'დედას რომ მოგიტ... მაგ კრეტინობაზე მერე ნახავ, ვინც ვარ. დებილი ხარ, უნიჭო და მაგაზე გეცინება, ალბათ, თორემ ჩემი მესიჯები სასაცილო არ არის ნამდვილად. შენ ხარ გაბანძებული, შენს დანაშაულს ვერ ხვდები და რაზე გელაპარაკო. შენ იცი, რომ მაკას შეუძლია გიჩივლოს და მოითხოვოს მორალური კომპენსაცია იმისთვის, რომ მორალური ზიანი მიაყენე. მაინც კოლეგა ხარ და არ მინდა, ცუდ დღეში აღმოჩნდე!'

5 თებერვალს, ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო მოსმენა დაიწყება.

P.S. ტელეფონის ნომერი, რომლისგანაც უცნობი ემუქრებოდა 'გურია ნიუსის' ჟურნალისტს, ჩვენ, დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლია მივაწოდოთ შესაბამის ორგანოებს.''

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები