მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბიძინა ივანიშვილი - ერთი ან ორი მინისტრი უნდა დაიჭირო, რათა ანახო ყველას, რომ პატიება არ იქნება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიის დამყარებას 'ძალიან იოლი' მეთოდით აპირებს. ამის შესახებ 'ქართული ოცნების' ლიდერმა,  გამოცემას Forbes განუცხადა. 'გარანტიას გაძლევთ (არავისთვის ასეთი გარანტიები მანამდე არ მიმიცია), რომ ერთ წელიწადში მე აქ ნამდვილ დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს ავაშენებ ძალიან იოლად. უნდა დაიჭიროთ ერთი მინისტრი ან ორი მაქსიმუმ - იმისთვის, რათა ანახოთ ყველას, რომ პატიება არ იქნება', - აცხადებს ივანიშვილი Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, როცა 'ზევით' პოლიტიკური ნება არსებობს, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. 
'ჩვენ ორი, სამი წელი გვჭირდება ევროპული ტიპის სისტემის შექმნისათვის, მაგრამ ეკონომიკის შენებას უფრო დიდი დრო დასჭირდება', - აცხადებს ის.
თავად სტატიის ავტორის შეფასებით კი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დებიუტისთვის ცუდად მომზადებული აღმოჩნდა. ჟურნალისტი იულია იოფე ასეთ დასკვნას იმიტომ აკეთებს, რომ ივანიშვილსა და მის მეუღლეს პირველივე პოლიტიკური განცხადებიდან სამ დღეში მოქალაქეობა ჩამოართვეს, 'ქართუ ბანკში' რეიდი მოეწყო და 'სააკაშვილს და მის მოკავშირეებს ივანიშვილის, როგორც კრემლის პროექტის დისკრედიტაციის,  სუსტი მცდელობებიც კი ჰქონდათ'.
'როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, ბარგის ჩალაგება დავიწყე, მაგრამ თუ პრემიერ-მინისტრი გავხდები, მე მომიწევს მასთან მუშაობა', - ამბობს ივანიშვილი.
სტატიის ავტორი ივანიშვილის ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშებზეც ამახვილებს ყურადღებას და მილიარდერ რესპონდენტს შეკითხვას ამ საკითხზეც უსვამს. ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური კამპანიის დაწყების დროს მან ორიგინალი ტილოები ლონდონში გადაიტანა და რეზიდენციაში მხოლოდ მათი ასლებია განთავსებული.
'ასე უფრო უსაფრთხოა. საქართველოში ხელოვნების ნიმუშთა დაცვა ძვირი ჯდება და ჩვენი მთავრობაც არაპროგნოზირებადია', - აღნიშნავს პოლიტიკური კოალიცია 'ქართული ოცნების' ლიდერი.
ამერიკელი ჟურნალისტი ივანიშვილის რეზიდენციის გარდა, საკუთარ შტაბეჭდილებებზე სოფელ ჭორვილის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ '56 წლის ივანიშვილმა ჭორვილა ლამის ალპურ ფეოდალურ მამულად აქცია'.
ინტერვიუში ივანიშვილი რუსეთში, კერძოდ, 'რასიისკი კრედიტში', ალუმინის ბიზნესში საქმიანობის პერიოდსაც იხსენებს და ბიზნესიდან გამოსვლის მიზეზებს ხსნის.
'ჩემი მთავარი ღირებულება თავისუფლება და სიცოცხლეა. იმ დროის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი დაიღუპა, რამდენმა დაკარგა თავისუფლება, ღმერთო!', - ამბობს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია - 'არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა' - გამოცემა 'ფორბსის' სპეციალურ ნომერში დაიბეჭდა. 
სპეციალური ნომრის წინა ოთხი თავფურცელი ოთხ მილიარდერს ეთმობა. ერთ-ერთ მათგანზე გამოტანილ ივანიშვილის ფოტოზე არის მინაწერი - 'არის ეს შემდეგი ბერლუსკონი?' სტატიას ახლავს ფოტორეპორტაჟიც ივანიშვილის თბილისის რეზიდენციიდან. 
'ფორბსის' რეიტინგებში ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქედ და სოფელ ჭორვილის მკვიდრად არის წარმოდგენილი. 2012 წლის მარტისთვის მის ქონებას ჟურნალი 6,4 მილიარდ დოლარად აფასებს და ამ მონაცემით, მსოფლიო რეიტინგში 153-ე ადგილს ანიჭებს. 
ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები