მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციას ვანუატუმ მხარი დაუჭირა, სომხეთმა – არა

 

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა ქონებრივი უფლებები მათ საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რეზოლუციით. ანალოგიური რეზოლუცია გასულ წელსაც მიიღეს, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა რეალურ ცხოვრებაში მის გასატარებლად. ისევე როგორც შარშან, წელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რეზოლუციის მიღებას რუსეთი, მაგრამ ასამბლეის მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის ვებ-გვერდზე ამ ასამბლეის მიმდინარეობის ნახვა ინტერნეტის საშუალებითაც იყო შესაძლებელი. განსახილველ საკითხთა ნუსხაში საკითხი რეზოლუციის მიღების შესახებ მეოთხე პუნქტად იყო მითითებული.

საინტერესოა, რომ გაეროს ვებ-გვერდზე არ იყო აღნიშნული „რეზოლუცია საქართველოს შესახებ' ან ფორმულირება, სადაც საქართველოში არსებული კონფლიქტის ზონები იქნებოდა აღნიშნული. განსახილველ საკითხებს შორის მეოთხედ შეტანილი იყო „მდგომარეობა გუუამ-ის კონფლიქტურ ზონებში' და სწორედ ამ ჩამონათვალში იყო შესული კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციის სრული დასახელება ასე გამოიყურება: „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ'.

დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ყველა დროებით ადგილნაცვალი პირისა და დევნილის ქონებრივი უფლება დაცული უნდა იყოს. „ყველამ თავი უნდა შეიკავოს ამ უფლების გვერდის ავლით დევნილების ქონების შეძენისგან', - ნათქვამია ახალ რეზოლუციაში. თითქმის ანალოგიური ფორმულირებაა გაეროს მიერ შარშან მიღებულ გადაწყვეტილებაშიც.

როგორც მოსალოდნელი იყო, რეზოლუციის მიღებას გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის დელეგაციამ. პირველ რიგში, მათი გაღიზიანება რეზოლუციის დასათაურებამ გამოიწვია, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გასწვრივ „საქართველოა' მითითებული.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ პანკინმა თბილისის ინიციატივას  „რეალობას მოწყვეტილი' და „კონტრპროდუქტიული' ნაბიჯი უწოდა.

რეზოლუციის განხილვასა და კენჭისყრაში 144 სახელმწიფო მონაწილეობდა. საერთო ჯამში, საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას, შარშანდელთან შედარებით შვიდი ხმით მეტი - 57 ხმა ერგო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა თერთმეტმა სახელმწიფომ. სხვათაშორის, ამ თერთმეტ მოწინააღმდეგეს შორის არ არის ვანუატუ - მან რეზოლუციის მიღებას მისცა ხმა. სამაგიეროდ, მოწინააღმდეგე სახელმწიფოს შორისაა ჩვენი მეზობელი - სომხეთი.

უნდა ითქვას, რომ რეზოლუციის კენჭისყრის დროს თავი 76-მა სახელმწიფომ შეიკავა. საერთო ჯამში, ეს კენჭისყრის მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობის ნახევარზე მეტია.

მაშ ასე, გაეროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

ალბანეთმა, ანდორამ, ანტიგუა და ბარბუდამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, აზერბაიჯანმა, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, კონგომ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, გვინეა-ბისაუმ, ჰონდურასმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლიტვამ, ლუქსემბურგმა, მალავმა, მალდივმა, მალტამ, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, მოლდოვამ, რუმინეთმა, სენტ ლუსიამ, სენტ ვისენტი და გრენადი, სან მარინომ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, ტუვალუმ, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვანუატუმ.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს:

დაუჭირეს სომხეთმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, მიანმამ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სერბეთმა, სუდანმა, ვენესუელამ და ვიეტნამმა.

ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახელმწიფოს, ნაურუს, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია - თავი შეიკავა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები