მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გარიგება შედგა. ომის გეშინოდეთ!

ულიანოვსკში, რევოლუციის ბელადის გვარის მატარებელ ქალაქში, 'დამპალი კაპიტალისტების' - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის, უფრო გასაგებად - ნატოს სატრანზიტო ბაზა გაიხსნება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის უპრეცენდენტო გარიგება შედგა.

არა, ეს არ იქნება კლასიკური გაგებით ნატოს სამხედრო ბაზა, არამედ - სატრანზიტო ბაზა. სამხედრო წვრთები არ გაიმართება, მაგრამ იქნებიან ამერიკელი და ალიანსში შემავალი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაიცავენ ტვირთებს, უზრუნველყოფენ მის გადაზიდვას და ასე შემდეგ. იქ იქნებიან ISAF-ის პროგრამაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეებიც და არც ისაა გამორიცხული, რომ იქნებიან ქართველი ჯარისკაცებიც.

აი ასე - რუსეთი ვერ ეგუება ნატოს საკუთარ საზღვრებთან, მაგრამ პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომელიც, ქართველი პოლიტიკოსების აზრით, კრემლში არც კი გააჩნიათ, მათ აშშ-სა და ნატოსთანაც მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ამყოფებს.

'ძალიან პრაგმატულად უნდა მივუდგეთ იმას, თუ რა არის ჩვენთვის მომგებიანი, რა შეესაბამება თუ რა არ შეესაბამება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს. ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება სტაბილურობის ხელშეწყობა ავღანეთში და საჯაროდ ვსაუბრობთ ამის შესახებ: ჩვენ თქვენ დაგეხმარებით, ამიტომაც ტრანზიტის უზრუნველყოფას მოვახდენთ', - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დუმაში მთავრობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

ერთი ორი 'ექსპერტი' ახლა ასეთ შეფასებასაც გააკეთებს: ნახეთ, რა მაგარია ნატო, როგორ დააჩოქა რუსეთი და როგორ აძულა, მის ნებას დაჰყოლოდაო. მარგალიტები ისედაც უამრავი გვაქვს მონასმენი, მაგრამ ვინმეს ხომ არ ავიწყდება, რომ ზემოთ მოყვანილი ციტატა ვლადიმერ პუტნს ეკუთვნის, იმ პუტინს, რომელსაც კიდევ ორი ვადით მოუწევს კრემლში ჯდომა და რომლის წინააღმდეგაც რუსეთის დემოკრატიულმა ძალებმა ქუჩაში 100 ათასი ადამიანი ვერ გამოიყვანეს. მოსკოვის ქუჩებში, სადაც 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ლამის ამდენივე სეირის მაყურებელიცაა.

ჰო, ეს ის პუტინია, რომლის არჩევისას დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების იმედებს იტოვებდა სახელმწიფო დეპარტამენტი და ამ განაცხადებამდე პრეზიდენტ ობამას მისთვის რუსეთის უგვირგვინო მეფობა უკვე მილოცვილი ჰქონდა.

ეს ის პუტინია, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ავღანეთის სასაკლაოზე თავისი ჯარისკაცების გაგზავნა არ უნდა და ამიტომ ეხმარება ნატოს. მოკლედ, საჯაროდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასე გაფორმდა : 'რაც შეეხება ულიანოვსკს, იქ არავითარი ნატოს ბაზა არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი დამხმარე პუნქტი ავღანეთში მიმავალი სატრანზიტო ტვირთებისთვის, ამიტომაც გარწმუნებთ, რომ იქ არაფერი ისეთი, რაც ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება, არ ხდება, პირიქით, ყველაფერი, რაც ამ სფეროში კეთდება, სრულად შეესაბამება რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს... უნდა დავეხმაროთ მათ ავღანეთში სტაბილიზაციის დამყარების საქმეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გაკეთება ჩვენ თვითონ მოგვიწევს'.

ასე რომ, უკვე მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ პოლიტიკაში არსებობს ინტერესები და არ არსებობენ მეგობრები, არსებობენ პარტნიორები და არ არსებობენ ძმაკაცები, არსებობს პრაგმატიზმი და არ არსებობს მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე ან ინტერესი.

საინტერესოა, არა ამ ყველაფერში, ანუ დიდ თამაშში სადაა საქართველო?

'აშშ-მა და რუსეთმა მოილაპარაკეს ულიანოვსკში ნატოს ბაზის შექმნის თაობაზე. ამ ბაზას სხვა სახელი ჰქვია, ვითომ ეს არის გარდამავალი პუნქტი, სადაც ტვირთები უნდა დაბინავდეს და შემდეგ იქიდან უნდა გაიტანონ. ეს იქნება ნატოს ბაზა, იმიტომ, რომ ამ ტვირთს დასაწყობება და დაცვა სჭირდება. ხომ გამორიცხულია, რომ ნატოს ჯარმა სხვას მიანდოს ამ ტვირთების დაცვა. ეს ბაზა იქნება არა იმ პროფილისა, რომელიც ჩვენ წარმოდგვიდგენია, მაგრამ მაინც ბაზაა. ამ მიმართულებით რუსეთი და აშშ ინტენსიურად თანამშრომლობენ. თავის მხრივ, საქართველო მონაწილეობს ნატოს ოპერაციაში და არის აშშ-ის მოკავშირე. ამ საქმეში, ანუ ულიანოვსკის ბაზის საქმეში, რუსეთი და აშშ პარტნიორები არიან. იქმნება პარადოქსული სიტიუაცია - საქართველო არის რუსეთთან პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში და ამ დროს იძულებული ხდება, გარკვეულწილად ავტომატური პარტნიორი იყოს რუსეთისა, თუნდაც ულიანოვსკის თემასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ჰელმანდის პროვინციიდან წავიდეს ტვირთი ულიანოვსკისკენ და იძულებული იყოს ზოგი ქართველი ჯარისკაცი, რომ იყოს ამ ტვირთის დაცვაში', - აცხადებს 'ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში მამუკა არეშიძე.

და აქ, ამ გლობალურ კონტესტში, ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხიც - საქართველოს შიდა მდგომარეობა. მართალია, სულაც არ ვარ ურწმუნო თომა, მეც მესმის რაღაცები და ორაზროვნად აღვიქვამ არ რეზერვის თემასაც, მაგრამ იმედია, საქართველოს ხელისუფლების ანალიტიკოსები, რომელთა ანალიზი, ფაქტობრივად, იშვიათად მართლდება და, როგორც იტყვიან, მეტწილად'ტყუილად აჭმევენ პურს', ახლა მაინც დაფიქრდებიან ბევრ რამეზე. კერძოდ, დავიცავ სახლს, ქუჩას, უბანს (რეალურად ვიცით რას ნიშნავს) - ხომ არ იქნება ეს გამოყენებული მასშტაბური პროვოკაციისთვის, როდესაც მართლა ჩანგლებითა და დანებით მოგვიწევს საკუთარი სახლის, ქუჩის, უბნის, ოჯახისა და ღირსების დაცვა? მართალია, მგლის შიშით ცხვარი არ უნდა დახოცო, მაგრამ ამ რეზერვისტებში ყველა ქვეყნის ერთგული პარტრიოტია? აქ ქვამ ქვაზე რომ იწვიმოს, დაკარგავს ულიანოვსკს ნატო? კიდევ ბევრი კითხვის დასმა შეიძლება, რომლის საჯარო პასუხი ნაკლებად საინტერესოა, იმიტომ, რომ ცნობილია შეშფოთებებიც და აღშფოთებებიც. ცნობილია, რომ დასვალეთი მუდამ იდგება დემოკრატიის სადარაჯოზე - (დემოკრატიის კი, მაგრამ სუროგატის არა) და ა.შ.

ახლა გონიერება ჩვენზეა - ვინც პირველი აღმართავს მახვილს....

ახლა ნებისმიერი შეცდომა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის ტოლფასია. გარიგება შედგა. ახლა უკვე ომის გეშინოდეთ!

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები