მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გია ხუხაშვილი - ჩემს ჩანაწერებს ივანიშვილის კომპიუტერში რა უნდოდა?

მას შემდეგ რაც მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 მაღალჩინოსანი ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საოფისე კომპიუტერებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელებისთვის დააკავა, 'ივერონი' ამ აუდო-ჩანაწერების ერთ-ერთ მთავარ 'გმირს' გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. 

თავის დროზე, როდესაც ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესიკ სურმავამ ვიდეო-ჩანაწერები სოციალურ ქსელში განათავსა და აღნიშნა, რომ მათი გაკეთება პირადად ივანიშვილმა დაავალა, ივანიშვილის კარზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აღიარებული ხუხაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერები 'ხელისუფლების მიერ დაბალ დონეზე შესრულებული ფაბრიკაცია' იყო. 

დღეს კი, მთავარი პროკურორი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს: 'კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებობდა სპეციალური სამსახური, სადაც შექმნილი იყო პროგრამა, რისი საშუალებითაც ისინი სხვის კომპიუტერებში უკანონოდ აღწევდნენ და მოიპოვებდნენ ინფორმაციას'. ამასთან, არჩილ კბილაშვილი კონკრეტულ ეპიზოდზე საუბრობს, რომელიც ბესო სურმავას ეხება. 

'შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა კუდ-ის მაღალჩინოსანს ბექა კვარაცხელიას 'ქართული ოცნების' წევრებთან დაკავშირებით მასალების მოგროვება დაავალა. კვარაცხელიამ ხიზანიშვილს უთხრა, რომ დაგროვდა ბევრი მასალა, რომლებიც შემდეგ დისკებზე გადაიტანა და შოთა ხიზანიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადასცა. მოგვიანებით, ხიზანიშვილი დაუკავშირდა კვარაცხელიას და უთხრა, რომ ამოარჩია რამდენიმე მასალა, რომელიც ინტერენეტში ბესარიონ სურმავას სახელით უნდა გავრცელებულიყო'.
მთავარი პროკურორის აღნიშნული განცხადების შემდეგ, ბუნებრივია, გაჩნდა შეკითხვა, თუკი მასალა ივანიშვილის კომპიუტერიდან იქნა მოპოვებული, როგორღა გამოდიოდა ის მაშინდელი ხელისუფლების მიერ 'დაბალ დონეზე გაკეთებული ფაბრიკაცია'... 

'თქვენ ეძებთ წინააღმდეგობას იქ, სადაც ის არ არის. მე ვადასტურებ იმას, რომ ის იყო ნამდვილად ჩემი ხმა. მე იმასაც ვადასტურებ, რომ ცალკეული წინადადებებიც ჩემი იყო. მაშინდელმა შსს-მ გააკეთა ჩემი საუბრების უამრავი ჩანაწერი და მერე უნიჭოდ დაამონტაჟა, თანაც არალეგალურად, უკანონოდ'... - აცხადებს გია ხუხაშვილი 'ივერონთან' საუბარში. 

ბატონო გია, თუკი ეს ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილის პირადი კომპიუტერიდან მოიპარა კუდ-მა, როგორ გამოდის რომ თავად კუდ-ი აწარმოებდა ამ მოსმენებს? ანუ კუდ-ის მასალა ბიძინა ივანიშვილის კომპიუტერში მოხვდა და შემდეგ ისევ კუდ-ს მოუწია მის მიერვე გაკეთებული მასალის ივანიშვილის კომპიუტერიდან მოპარვა?

'არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, ჩემს ჩანაწერებს ივანიშვილის კომპიუტერში რა უნდოდა? ვინც დაიჭირეს, ჩანაწერებიც იმან გააკეთა... მე რაც ვიცი, კომენტარს იმაზე ვაკეთებ. ვინ საიდან და რა მოიპარა, ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ... კარგად ბრძანდებოდეთ'... - ასეთი იყო გია ხუხაშვილის პასუხი.

ძიება გრძელდება. როგორც კბილაშვილი ამბობს, აუდო-ჩანაწერები ექსპერტიზას გადაეცემა, რათა მისი ავთენტურობა დადგინდეს.

http://www.youtube.com/watch?v=1Q0NCHmyi4E

ივერონი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები