მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგა ბოკერია პარტიას ქმნის?

აპრილი გადამწყვეტ თვედ ცხადდება პოლიტიკაში. სააკაშვილმა შესაძლოა, პარლამენტი დაითხოვოს. ახლა სწორედ ეს ბერკეტი მუშაობს ნაციონალებისთვის მაგნიტივით - ჯერჯერობით ისინი ერთად დგომას ახერხებენ, ბიძინას კი პარლამენტში უჭირს 13 კაცის მოგროვება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო წყობა შეცვალოს, მით უფრო გაუჭირდება პრეზიდენტის გაიმპიჩმენტება.

აპრილამდე სააკაშვილი ერთადერთი შემაკავებელი და გამაერთიანებელი ფაქტორია. მერე ნაციონალები შეიძლება დაიშალონ, ან ორ მთავარ პარტიად გაიყონ. ისევე როგორც თავის დროზე 'მოქალაქეთა კავშირი' დაიშალა ორ მთავარ ჯგუფად - რეფორმატორებად (ჟვანია-სააკაშვილის პარტიები) და შევარდნაძის მომხრეებად - პოლიტიკური ღირებულებები მათ არ ჰქონდათ.

ვარაუდობენ, რომ 'ნაციონალური მოძრაობა' შესაძლოა, ორ მთავარ პარტიად გაიყოს. გიგა ბოკერია, ერთი მხრივ, და ვანო მერაბიშვილი, მეორე მხრივ. თუმცა ჯერჯერობით 'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერშიფი ყველას ერთ გუნდად მოიხსენიებს. მაგრამ რამდენად შეძლებს ის კრიზისის გადალახვას და იმის დამტკიცებას, რომ ისინი არა მხოლოდ ხელისუფლებაში არიან ერთად, არამედ ოპოზიციაშიც მზად არიან პოლიტიკური ბრძოლისთვის.

ანუ, თუ 'ნაციონალებმა' სწრაფად ვერ მოახერხეს, ხელისუფლებაზე კი არა, პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი, მაშინ 'ქართული ოცნება' მათ მარტივ მამრავლებად დაშლის. წესრიგი, რომლის დამყარებასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, შესაძლოა, ოპოზიციაში გადასული პარტიისთვის კრიზისული აღმოჩნდეს.

არსებობს ნაციონალების დაშლის სხვა მეთოდიც, ძველი, მაგრამ კარგად აპრობირებული, და მას (ტერმინში ვანო მერაბიშვილს დავესესხები) 'კაგებეშნიკური' ჰქვია. მთავარია, ნაციონალებში უნდობლობა გააჩინო. ასე მაგალითად, შეითხზას მითი იმაზე, თუ როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი. მითის ხიბლი ის არის, რომ მასში სიმართლის რაღაც მარცვალი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ასე რომ, პრობლემები ბაჩოსა და ვანოს ურთიეთობებში შესაძლოა, იყოს. ამიტომაც იოლია მათ შორის 'ჩორტის' ჩაგდება. ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ სწორედ მათ დაპირისპირებას გადაყვა ნაციონალების გამარჯვებაც. ვანო მერაბიშვილის ნაადრევმა გაპრემიერებამ და ახალაიას შს მინისტრად გადმოყვანამ ვანოს პოლიტიკურ კარიერას წერილი დაუსვა. შესაძლოა, ვანო ერთ წელიწადში საერთოდ გადაეყენებინათ უუფლებო პრემიერის პოსტიდან და მისი ადგილი სააკაშვილს დაეკავებინა. ამიტომაც, ვანომ შური იძია და ცოცხების კადრები გაასაჯაროვა. საპასუხოდ კი ბაჩო ახალაიამ მასზე კომპრომატები დადო.

საერთოდ, ვანო მერაბიშვილი ის ერთადერთი ცენტრალური ფიგურაა, რომელიც ზევსივით ყველა მითის მთავარი პერსონაა. ის ჩნდება ბოკერიასთან დაპირისპირებაშიც და უგულავასთან დაპირისპირებაშიც. ამიტომაც, საერთოდ, ამბობენ, რომ გიგა ბოკერიას პარტია გაცილებით სოლიდური იქნება და დასავლეთში მხარდაჭერასაც უფრო მეტად მიიღებს, ვიდრე ვანო მერაბიშვილი, რომელსაც დასავლეთში თითქოს კავშირები საერთოდ არ აქვს.

და რაც მთავარია, ყოველთვის იყო მცდელობა, სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის უნდობლობა ჩამოეგდოთ. ახლაც, არჩევნების შემდეგ, ზოგი ვანო მერაბიშვილს ეძახის მოღალატეს და ზოგიც - გიგა ბოკერიას. მართალია, ორივე მოღალატედ გამოჰყავთ, მაგრამ ბრალდება სხვადასხვაა. ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება ბიძინა ივანიშვილთან ფარული გარიგება. ბევრი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ახალაიამ მერაბიშვილი თავისი გავლენებით ჩააჩოჩა, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ იმდენი უჩიჩინეს სააკაშვილს დაპირისპირებაზე, მერაბიშვილის ღალატი ადვილად დაიჯერა და შსს-დან გადაიყვანაო.

მოკლედ, ამ მითების შექმნასაც თავისი პოლიტიკა აქვს, შემთხვევით არაფერი ვრცელდება. ნაციონალების დაშლა ახლა 'ქართული ოცნების' ლამის ნაციონალური ინტერესია. მითები ასე ივლის და თავის საქმეს შეასრულებს, 'ქართულ ოცნებას' კი თითქოს ნაციონალების რღვევის პროცესთან საერთო არც არაფერი აქვს.

ექსპერტები ნაციონალებს დროს აპრილამდე აძლევენ. მერე კი მითებს იურიდიული პროცედურებიც დაეხმარება. თუკი პოლიტიკური პროცესი ოპოზიციის ჩართულობის მიღმა დარჩა, პარტიის რიგებს ბევრი დატოვებს და „ქართული ოცნებისკენ' გადაინაცვლებს.

ექსპერტები 'ნაცმოძრაობის' რღვევის პროცესს სავსებით ლოგიკურს უწოდებენ. მათი შეფასებით, ასეთივე რღვევა მოხდება 'ქართულ ოცნებაშიც', თუკი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დატოვებს. მაგრამ ბიძინა და პოლიტიკა ეს სულ სხვა ისტორიაა და ახლა ამ თემას არ შევეხებით. 

'პრაიმტაიმი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები