მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგა ბოკერია რუსეთთან ახალი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რუსეთთან ახალი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამ თემაზე მან რადიოსადგურ 'ეხო მასკვისთვის' მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 
უშიშროების საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ამ მიმართულებით სრულმასშტაბიან ნაბიჯებს, თუმცა, მისი აზრით, რუსეთში არსებობს 'საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი'.
'და ეს საქმე 2008 წელს 'ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი'. საქართველო აგრძელებს იმ კურსს, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი იყო. ეს არის სუვერენული დამოუკიდებელი არსებობის, ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტერგაციის კურსი. სანამ არსებობს ხალხის ნების ასეთი გამოხატვა და ამ ნების შემსრულებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რუსეთის ხელისუფლებსთან პრობლემა იქნება. ასე რომ, ასეთის საფრთხის საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება. საქართველოს პერსპექტივებისთვის მთავარ საფრთხედ რჩება რუსეთის სამხედრო საფრთხე იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება მილიტარიზაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება, იმის გამო, რომ შემოდგომაზე გაიმართება სამხედრო სწავლება', - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე შეფასებით, რუსული სამხედრო სწავლება 'კავკასია 2012' შეშფოთების საფუძველი იქნება დროის, მასშტაბის, მიზნების, მათ შორის ირანის პრობლემაზე რეაგირების დამუშავების და იმის გათვალისწინებით, რომ წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზეც გაიმართება. თუმცა ბოკერია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სიტუაცია და სხვა ფაქტორები ამ პოტენციური გადაწყვეტილების განხორციელებას არ დაუშვებს. 
'მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასეთი საფრთხის გამორიცხვა არ შეგვიძლია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებსაც. არის კიდევ ერთი ფაქტორი. ეს ტერორიზმია. გასულ წელს გვქონდა ტერაქტის მცდელობის 10 შემთხვევა, მათ შორის რამდენიმე წარმატებული მცდელობა იყო. ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ამ ქმედებების კოორდინირებას ახდენდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სპეცსამსახურები. დავასახელეთ კონკრეტული სახელებიც. საბედნიეროდ, უკვე რაღაც დროის განმავლობაში ჩვენთან არანაირი მცდელობა აღარ ყოფილა და იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება, მაგრამ საფრთხე არსებობს', - განაცხადა ბოკერიამ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები