მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიგი უგულავას დაკითხვაზე იბარებენ

საქართველოს მთავარი პროკურორმა დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთვისაც მოიცალა. როგორც არჩილ კბილაშვილმა გუშინ „მაესტროს' ეთერში განაცხადა, შპს 'თბილსერვის ჯგუფთან' დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ.

არჩილ კბილაშვილი: ის იმსახურებს, რომ გამოძიების მიერ იყოს დაკითხული. კონკრეტული პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც ამ ფაქტს იძიებს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე მერი დაიკითხოს.

კბილაშვილი ირწმუნება, რომ, 'ნაციონალური მოძრაობის' 764 აქტივისტის დასაქმებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება  უგულავამ პირადად მიიღო. თუმცა, ეს ადამიანები პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ.

'ამ ადამიანების პარტიული დასაქმებისთვის დაიხარჯა 5,245 მლნ ლარი, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. გაიფლანგა ბიუჯეტის თანხები  ეს არის ამ გახმაურებულ საქმეში მთავარი ღერძი', - აცხადებს კბილაშვილი.

კბილაშვილის განცხადების შემდეგ არ დააყოვნა ხახდურის უწყებამაც და დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს 'თბილსერვის ჯგუფის' იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა 'საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება', სადაც 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ',- აღნიშნულია 'საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კბილაშვილის ბრალდებებს დღეს დილით თბილისის მერმა სპეციალური განცხადებით უპასუხა:

„საქართველოს მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ მას ვერ გაუგია სამსახურებრივი მოვალეობები, თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო. მისი საუბარი მთლიანად ცდება პროკურორის უფლება-მოვალეობებს.

რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასამართლებლად პროკურორმა მაგალითად მოიყვანა საკრებულოს მიერ დასუფთავების ტარიფის დარიცხვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რითაც აშკარად შეეცადა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და გამოძიების რეალური მიზნების შენიღბვას.

გარდა ამისა, მთავარი პროკურორი ავლენს ზერელე ცოდნას თავისივე უწყების მიერ წარმოებული გამოძიების შესახებ. ის ასევე სრულიად შეგნებულად ახდენს ფაქტების გაყალბებას, როცა ამბობს, რომ არსებული გამოძიება ემთხვევა დასუფთავების ტარიფის ამოქმედებას. ფინანსური პოლიციის ბრიფინგიდან ჩანს, რომ პრეტენზია ვრცელდება 2009 წლის 31 დეკემბრის საქმესთან დაკავშირებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თანხვედრა ამ ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ მოვლენას შორის არ არსებობს. ხსენებული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კბილაშვილმა, ივანიშვილის დავალებით, გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია', - აცხადებს გიგი უგულავა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები