მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე უკრაინაში ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს

საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე, დელეგაციასთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა. როგორც 'ინტერპრესნიუსს' ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტი უკრაინის ვიცე პრემიერ სერგეი ტიგიპკოს მიწვევით ხორციელდება, რის ფარგლებშიც საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა, რომლის მიზანს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება წარმოადგენს. 
სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა საქართველოსა და უკრაინის ვიცე პრემიერებმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გახსნეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იმ პროექტების ინიცირება და ხელშეწყობა იქნება, რომელსაც ორივე ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 
ოფიციალური ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე თანამშრომლობა ოთხი მნიშვნელოვანი მიმართულებით გადაწყდა. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, უკრაინისკენ, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანული გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების პროექტის განხორციელებაზე; ასევე ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორის, სახელწოდებით 'ვიკინგის' განვითარება მოხდება, რათა საქართველოსა და უკრაინის გავლით კასპიის რეგიონიდან ბალტიის ზღვის რეგიონისაკენ მშრალი ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდეს. გარდა ამისა, საქართველოს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალიდან გამომდინარე მოხდება უკრაინის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართვა საქართველოში ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ექსპორტირება. რაც შეეხება მეოთხე საკითხს, გადაწყდა, რომ განხორციელდება ინტერნეტ და სხვა ელექტრო კავშირების დამყარება რუსეთისა და ნებისმიერი სხვა მესამე ქვეყნის გვერდის ავლით ფოთი-ბურგასი-ბურგასი-ოდესის კორიდორის გამოყენებით, რაც შეამცირებს კომუნიკაციების ფასს ჩვენი მოქალაქეებისათვის და გაზრდის საინფორმაციო ნაკადების ხარისხსა და მოცულობას. 
'შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შეთავაზა, განიხილონ საქართველოში მშენებარე ღრმა პორტისა და ქალაქ ლაზიკას, როგორც ევროპა-აზიის შემაერთებელი სატრანსპორტო დერეფნის სამომავლოდ მნიშვნელოვანი ელემენტის მშენებლობისა და განვითარების პროცესში ჩართვის საკითხი', - აცხადებენ ბარამიძის აპარატში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ვიცე პრემიერებმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კმაყოფილება გამოხატეს ორივე მხარის ეფექტური და კონსტრუქციული თანამშრომლობის გამო და აღნიშნეს, რომ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ორი სტრატეგიული ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები