მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ბარამიძე: 'ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს'

'ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის აზრით, ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული. 

როგორც გიორგი ბარამიძემ თბილისის მერის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 'ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს'. 

'ერთის მხრივ, მმართელი გუნდი ცდილობს, პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გაიყვანოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამისთვის პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეიტანა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლება პრეზიდენტის ერთ-ერთი დასაყრდენი უწყების - მერიის წარმომადგენელს, მერის მოადგილეს აკავებს' - აღნიშნა მან.

ამავდროულად, გიორგი ბარამიძე ვიცე-მერის დაკავებას გიგი უგულავას ერთგვარ დასჯად აფასებს იმის გამო, რომ მთავრობის ამასწინანდელ სხდომაზე იგი არ დაემორჩილა პრემიერ-მინისტრის პირველსავე მითითებას, დარბაზი დაეტოვებინა. 

'ბრიუსელში ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის აპირებს, ახალი, ცივილიზებული ურთიერთობები იქონიოს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ოპოზიციასთან, რაც მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა 'ფიცი გვწამს, ბოლო მაკვირვებს'. დღეს დააკავეს ქალაქის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს ადამიანები გამოძიებას არ ემალებიან! ასე, რომ, ეს არის პირადი ანგარიშსწორება, პოლიტიკური დევნა და პირდაპირი დარტყმა პრეზიდენტზე', - აცხადებს ბარამიძე, რომლის აზრით, ზემოაღნიშნული ნაბიჯებით ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს. .

'ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ', - დასძინა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები