მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ვაშაძე - 'მეორე პასპორტის' თემა გრიფით 'საიდუმლო' საკითხია და მისი გასაჯაროებით ხელისუფლება დანაშაულს ჩადის

საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაღალჩინოსანთა საკუთრებაში არსებული 'მეორე პასპორტის' თემა გრიფით 'საიდუმლო' საკითხია და მისი გასაჯაროებით ხელისუფლება სახელმწიფო დანაშაულს ჩადის.
'მსგავსი ფაქტების გახმაურება არის სახელმწიფო დანაშაული. ეს არის გრიფით 'საიდუმლო' საქმეები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმოებს', - განუცხადა გიორგი ვაშაძემ 'ინტერპრესნიუსს'.
მისივე განმარტებით, 'მსგავსი საქმიანობა' ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი აუცილებლობა კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე დგას. 
'კანონით არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირს შეიძლება ჰქონდეს მეორე პასპორტი. ეს კეთდება კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მაგალითად, გია ლორთქიფანიძის შემთხვევაში, ითქვა, რომ მეორე პასპორტი გამოყენებული აქვს კონკრეტულ შეხვედრაზე, კონკრეტული საქმიანობის დროს _ როგორც ვიცი, ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში შედიოდა ანტიტერორისტული დეპარტამენტი. მითხარით, როგორ უნდა იმუშაო ტერორიზმის წინააღმდეგ ისე, თუ აგენტურულ ქსელს და სხვადასხვა სამუშაოს არ აკეთებ? თუ ეს ხელისუფლება ყველაფერს ნათელს მოჰფენს, შეიძლება ქვეყანა თავზე ჩამოგვენგრეს. ყველა ნორმალური კი არა, არანორმალური ქვეყანაც კი ამას აკეთებს, მაგრამ ასეთი არანორმალური ქვეყანა, რომელიც ამას ამჟღავნებდეს, ცხოვრებაში არ მინახავს', - განმარტა ვაშაძემ.
სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, 'საიდუმლო პასპორტებს', რომლითაც ესა თუ ის თანამდებობის პირი სარგებლობდა, სამოქალაქო რეესტრი არ გასცემდა.
'ამ პასპორტებს სამოქალაქო რეესტრი არ გასცემდა. დაბეჭდვით, შეიძლებოდა სამოქალაქო რეესტრში დაბეჭდილიყო, მაგრამ მათ დამზადება-არდამზადებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურების კომპეტენცია. რაც მთავარია, ეს პასპორტი არ შეიძლება იყოს ყალბი, რადგან ყველა ამ დოკუმეტს კონკრეტული საბუთი უდევს უკან - ყველა მათგანი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დაბეჭდილი დოკუმენტია, თითოეულ პასპორტზე მასალები დევს', - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 'ინტერპრესნიუსმა' განმარტება სთხოვა სისხლის სამართლის საქმის იურისტებსაც. ადვოკატ დავით დეკანოიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, თანამდებობის პირებს შეუძლიათ, ქვეყნის მოქალაქის პასპორტის გარდა, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტების ქონა ჰქონდეთ, თუმცა ისინი აუცილებლად მათ სახელსა და გვარზე უნდა იყოს გაცემული. მისივე განმარტებით, სხვა სახელისა და გვარის გამოყენებით ახალი პასპორტით სარგებლობა კანონით მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს ეძლევათ, რომელიც მინისტრი და თანამდებობიდან გადამდგარი მინისტრი არ შეიძლება იყოს.
'თანამდებობის პირს შეიძლება, ჰქონდეს ჩვეულებრივი, საქართველოს მოქალაქის და საზღვარგარეთისთვის სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტები. ყველა მათგანი ამ პირის სახელით და გვარით უნდა იყოს გაცემული. თუკი ფოტოსურათი არის თანამდებობის პირის, სახელი და გვარი კი - სხვისი, მაშინ პასპორტი არის ყალბი. სხვა საკითხია ოპერატიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირები _ 'ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ' კანონით დაშვებულია სხვადასხვა ღონისძიება, რომლითაც ინიღბება ოპერატიული მუშაკი _ ის თავისი სახელით და გვარით არ ჩანს, მასზე მანქანის ნომერიც სხვა გაიცემა - აქვთ ისეთი ნომრები, რომელიც შეიძლება არსად არ იყოს რეგისტრირებული. ოღონდ, ეს უნდა იყოს ბრძანებით დაშვებული და ზემდგომმა იცოდეს, რომ პირი სარგებლობს ამ პასპორტით, მანქანის სანომრე ნიშნებით ა.შ. რა თქმა უნდა, მინისტრი და, თან გადამდგარი მინისტრი ოპერატიულ საქმიანობას არ აწარმოებს და არ შეიძლება იყოს ოპერატიული მუშაკი', - განმარტა დავით დეკანოიძემ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა თანამდებობის პირი ვალდებული, პოსტიდან გადადგომის შემდეგ მისი სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტი ჩააბაროს, ადვოკატის თქმით, პრეზიდენტის განკარგულებით, მაღალჩინოსნებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობა პოსტის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში ისევ შეუძლიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლის დროს საქართველოს საზღვრის გადალახვას ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა, რომელზეც მერაბიშვილის ფოტო იყო მითითებული. შსს-მ ყალბი პასპორტით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი ორჯერ დაკითხეს. საქმის გამოძიების ფარგლებში მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სხვა სახელსა და გვარზე გაცემულ პასპორტს ფლობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეც. მან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დროს დაადასტურა, რომ პასპორტით არაერთხელ უსარგებლია. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები