მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი ვაშაძის ცნობით, საქართველო ელექტრონული მმართველობის რეიტინგში დაწინაურდა

გაერო-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია , რაც მსოფლიო რეიტინგში საგრძნობი დაწინაურებით გამოიხატა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გაერო-ს კვლევის მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოებში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას, საქართველო 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, 2012 წელს 30 საფეხურით დაწინაურდა და 72-ე ადგილზე გადაინაცვლა. 
'ამ მაჩვენებლით საქართველო უკვე არის რეგიონის ლიდერი და უსწრებს თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა სახელმწიფოებს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ. აღნიშნულ სეგმენტში 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 59 საფეხურით დაწინაურდა და 101-ე პოზიციიდან 42-ე ადგილზე გადაინაცვლა', - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 
გაერო-ს ელექტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანია, გაზომოს კონკრეტული ქვეყნის წარმატება ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრასტურქტურის მშენებლობაში.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, 2012 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას არაურბანულ, დაშორებულ რეგიონებში. განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მობილური სერვისები, ელექტრონული სერვისები, კიოსკები, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამთავრობო და კერძო ინსტიტუტების მომსახურების ხელმისაწვდომობა და სხვა მსგავსი ინოვაციები.
'გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი აქტიური მუშაობა ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ სწორი მიმართულებით მიდის. წინა წლებთან შედარებით, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა, თუმცა რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის და ამ მხრივ კვლავ ბევრი სამუშაოა, რათა მოწინავე ადგილი დავიკავოთ მსოფლიოს იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, სადაც ელექტრონული მმართველობა საჯარო და კერძო სექტორში თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება, ელექტრონული სერვისები, ინფორმაციული უსაფრთხოება, უმაღლეს დონეზეა აყვანილი', - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. 
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლევას სამი ძირითადი მიმართულებით აწარმოებს: ონლაინ სერვისების სპექტრი და ხარისხი, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა და ადამიანური რესურსების ჩართულობის ხარისხი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები