მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გიორგი თარგამაძე - ჩვენი ამოცანა რელიგიური პრიორიტეტების სამართლებრივი გაფორმებაა

საპარლამენტო ფრაქცია 'ქრისტიან-დემოკრატების' შეფასებით, უკანასკნელმა მოვლენება ცხადყო, რომ ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს აზრის იგნორირებამ შესაძლოა , დაარღვიოს ერთსულოვნება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რისი თავიდან აცილებაც, ამჯერად მხოლოდ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ბრძნული გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი.
როგორც 'ქრისტიან-დემოკრატიული' მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 'ქრისტიან-დემოკრატები' ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ასრულებს კონკორდატით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც აუცილებლობად მიაჩნიათ კომისიის შექმნა, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.
გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში რელიგიურ ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრისას 'ქრისტიან-დემოკრატიულმა' მოძრაობამ დატოვა სხდომათა დარბაზი და მოუწოდა ხელისუფლებას, საპატრიარქოს აზრის გაუთვალისწინებლად არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ასე არ მოხდა.
'ქრისტიან-დემოკრატები' აღიარებენ სახელმწიფოსა და ეკლესიის კავშირს ფუნქციების აღრევის გარეშე და შეუძლებლად მიაჩნიათ, ერთმანეთს აბსოლიტურად დაემთხვეს ეკლესიისა და სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ როგორც გიორგი თარგამაძემ დასძინა, აუცილებელია ერთმანეთს დაემთხვეს მათი ეროვნული და სოციალური მიზნები.
'საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული სახელმწიფო ერთმანეთისგან დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, მაგრამ ისინი მხარდამხარ უნდა იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეკლესია ქართული სახელმწიფოს ისტორიული მოკავშირეა ერთიანობის და ეროვნული იდენტურობის შენარჩუნების საქმეში. დღესაც დედა ეკლესია გადამწყვეტ როლს ასრულებს ერისა და სახელმწიფოს კონსოლიდაციის საკითხში', - განაცხადა გიორგი თარგამაძემ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, უკანასკნელმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს აზრის იგნორირებას.
მისივე თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის როლი განსაკუთრებულია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში და შესაბამისად, მართლმადიდებლობა საქართველოში ერთ-ერთი რელიგიათაგანი ვერ იქნება.
'ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რელიგიური პრიორიტეტის სამართლებრივი გაფორმება და მისთვის უფრო მაღალი კონსტიტუციური გარანტიების მინიჭება', - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
'ქრისტიან-დემოკრატებს' მიაჩნიათ, რომ ეკლესიაზე მაღლა არ შეიძლება იდგეს რაიმე სახის პროგრამა ან დოქტრინა, მაგრამ ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეიძლება იქცეს მორალურ ბაზისად, რომელიც საფუძვლად დაედება ქრისტიანთა და არაქრისტიანთა, ქართველთა და საქართველოში მცხოვრები სხვა ერების და კონფესიების ურთიერთობას და თანაცხოვრობას ერთ მთლიან სახელმწიფოში.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები