მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ხვალ იწურება

საქმეზე 'ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ' ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრების ვადა ხვალ იწურება .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' გირგვლიანების ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განუცხადა, თუკი ხვალ დღის ბოლომდე ევროპული სასამართლოს სამდივნო არ მიიღებს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნას, მიღებული გადაწყვეტილება გადასინჯოს 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ, იგი კანონიერ ძალაში შევა და სახელმწიფოს მისი აღსრულების ვალდებულება წარმოეშვება. 
'პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მისი განსახილველად დაშვება ავტომატურად არ ხდება. თავდაპირველად ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია იმსჯელებს უნდა იქნას თუ არა განხილული საჩივარი დიდი პალატის წინაშე. კერძოდ, მომჩივანმა ან სახელმწიფომ, რომელიც ასაჩივრებს პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 'უნდა დააკონკრეტოს სერიოზული საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს კონვენციისა თუ მისი ოქმების განმარტებასა თუ გამოყენებაზე, ან ზოგადი მნიშვნელობის სერიოზული საკითხი, რომელიც, მისი აზრით, მოითხოვს საქმის განხილვას დიდი პალატის მიერ' ევროსასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, მხოლოდ ამ პირობათა დაცვის შემთხვევაში იქნება დიდი პალატა უფლებამოსილი განიხილოს საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება',-განმარტავს ჯანდიერი.
მისივე თქმით, მათი მხარე კმაყოფილია ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება სრულყოფილად და დამაჯერებლად ასახავს იმ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქმის გამოძიებისას საქართველოში. 
~ევროსასამართლო სამართლიანად აღნიშნავს, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულმა წინასწარმა გამოძიებამ, ასევე სასამართლო გამოძიებამ და აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებმა ცხადყვეს, რომ ეს ინსტიტუტები არ იყვნენ დაინტერესებულნი, რათა სიმართლე დადგენილიყო ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე. შესაბამისად, გირგვლიანების ოჯახი მიღებულ გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს~,-აღნიშნავს ჯანდიერი.
მისივე თქმით, სავარაუდოდ მინისტრთა კომიტეტი მოითხოვს იმ პირთა პასუხისმგებლობას, რომელთა უშუალო როლი გამოიკვეთა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობასთან დაკავშირებით, მათ შორის ძიების პერიოდში სიმართლის დადგენისათვის ხელის შემშლელთა მიმართ ; შარდენის ბარის სუფრის წევრების კავშირის დადგენას დანაშაულის ღამეს ოთხ მსჯავრდებულთან ; ოთხი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის ბოლომდე მოხდას (და არა მათ ხელახლა გასამართლებას) და სხვა. 
'ევროსასამართლოს მიერ კონვენციის დარღვეულად მიჩნეულ გარემოებათა ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქმის ხელახალი გამოძიების გარეშე ამ დარღვევათა აღმოფხვრა. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უნდა ველოდოთ ამ საქმის გამოძიების განახლების შესახებ მოთხოვნას, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ეფექტური გამოძიების წარმართვისათვის საჭირო პირობები, მათ შორის - პირებმა, რომელთა შეთანხმებულ მოქმედებაზე ევროსასამართლომ გაოგნება გამოხატა ვერ უნდა შეძლონ ხელის შეშლა ძიების ეფექტურად წარმართვისათვის.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ წარუდგენია საჩივარი. სავარუდოდ, საქართველოს მთავრობა არ გაასაჩივრებს პალატის გადაწყვეტილებას იმის შიშით, რომ ხელმეორედ არ წააგოს პროცესი კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაციით დიდი პალატის წინაშე და კიდევ არ გაირთულოს სიცოცხლის უფლების უპატივცემლობიდან გამომდინარე მისი ისედაც არასახარბიელო და დამცირებული მდგომარეობა',-აცხადებს ჯანდიერი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები