მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე - გიორგი აბდალაძეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აბდალაძეს ხელი არ მიუწვდებოდა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, თუმცა ის ფოტოებს ტვირთავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კომპიუტერიდან და შეეძლო, ამ კომპიუტერების საშუალებით ზოგიერთ დოკუმენტთან წვდომა ჰქონოდა. გრიგოლ ვაშაძე აქვე დასძენს, რომ ეს დოკუმენტები ძალიან კარგად არის დაცული. 
'მე არ ვლაპარაკობ საიდუმლო ინფორმაციაზე. ჩვენ გვაქვს როგორც ღია, ასევე კონფიდენციალური დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშია, წარმოადგენს რუსეთისთვის და ყველა არაკეთილმოსურნისათვის ინტერესის საგანს', - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ფოტორეპორტიორების ბრალეულობას ადასტურებს. 
'ყველა უნდა დაველოდოთ სასამართლოს, რადგან ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, სადაც მტკიცდება ადამიანის ბრალეულობა და ის, შეესაბამება თუ არა წაყენებული ბრალი მისი დანაშაულის დონეს ან ხარისხს. რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელიც ზოგიერთ ვითომდა გაზეთებში იწერება, რომ თითქოს ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთება სასაცილოა', - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 'ალია ჰოლდინგის' ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინ დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს გრიფი 'საიდუმლო' დაედო. პირველი სასამართლო სხდომა პირველი სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები